მხარს ვუჭერთ ყველა მამაც ადამიანს, ვინც დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის-აშშ-ში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

03.12.24 13:45
მხარს ვუჭერთ ყველა მამაც ადამიანს, ვინც დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის-აშშ-ში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

აშშ-ში მცხოვრები ქართველი სტუდენტები ერთობლივ პეტიციას ავრცელებენ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

ისინი გმობენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს და ემიჯნებიან ძალადონას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.

“მხარს ვუჭერთ პროტესტის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, და ყველა მამაც ადამიანს, ვინც დღეს საქართველოს ღირსეული, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის“, - წერია პეტიციაში.

ჩვენ, ამერიკაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მკაცრად ვგმობთ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ და გვწამს, რომ საქართველოს მომავალი ევროპასთან კავშირსა და დასავლურ ინსტიტუტებშია.  

“ქართული ოცნების“ ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას რუსეთთან აახლოებს და ევროკავშირს გვაშორებს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ხელისუფლების ქმედებები ფუნდამენტურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. 

ათწლეულების განმავლობაში, ქართულ საზოგადოებას ურყევად სურდა ევროკავშირში გაწევრიანება - არჩევანი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ჩვენ, ვინც ამ ღირებულებებზე გავიზარდეთ, არ მივიღებთ ამჟამინდელი მთავრობის რუსულ სტრატეგიას, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს თავისუფლებას და ეროვნულ იდენტობას. “ქართული ოცნება” გვართმევს არა მხოლოდ არჩევანს არამედ მომავალს, რომლისთვისაც ასობით ათასმა ქართველმა სიცოცხლე დათმო. 

რუსეთი არ არის და ვერ იქნება საქართველოს პარტნიორი - ის არის საქართველოს მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და მუდმივად ცდილობს გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პროტესტის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, და ყველა მამაც ადამიანს, ვინც დღეს საქართველოს ღირსეული, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. 

საქართველოს ადგილი ევროპაშია! " - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.