გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - საქართველოში გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება უკიდურესად შემაშფოთებელია
„გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია" - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ქიმიური გამაღიზიანებლები გამოიყენეს. ასევე, ზოგიერთ მათგანს უცნობი პირები დაედევნენ და სცემეს.
ვოლკერ თურქის განცხადებით, დარღვევებზე დამნაშავედ გამოვლენილმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს და ასევე, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განცხადებების გამოძიება უნდა მოხდეს.
მისივე თქმით, ამ მხრივ გამოწვევას სპეცრაზმის ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნომრების ან სახელების არარსებობა წარმოადგენს.
„ეს ინციდენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას, როდესაც საქმე საქართველოში სამართალდამცავების ინდივიდუალური ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბებას ეხება“, - აღნიშნავს ვოლკერ თურქი.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ცნობები იმის შესახებ, რომ დაკავებულებს შორის ბავშვებიც არიან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მათი უფლებები სრულად დაცული უნდა იყოს.
„ყველა, ვინც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების კანონიერი გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ყველა სხვა ბრალდებულს სათანადო პროცესის, უდანაშაულობის პრეზუმფციის, ადვოკატის, ასევე, წინასწარი პატიმრობის კანონიერების გასაჩივრების და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების უფლება გარანტირებული უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.
ვოლკერ თურქი საქართველოში საზოგადოების ყველა ნაწილს მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ საზოგადოების ყველა შემადგენელ ნაწილს, მშვიდობიანი გარემო შეინარჩუნოს და ნებისმიერი უთანხმოება გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის გზით, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დადგენილი სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით გადაჭრას“, - აღნიშნავს ვოლკერ თურქი.