მოვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, მოიკითხოს შსს-ში, რომელი ნივთიერებებით ხდება აქციაზე ადამიანების მოწამვლა - ექიმი
ექიმი ლალი ჯანაშია ვარაუდობს, რომ ცრემლსადენ გაზში სხვა ნივთიერება არის დამატებული.
ჯანაშიას თქმით, აქციის ეპიცენტრში გახსნილ მედპუნქტში მისული მომიტინგეებს გახანგრძლივებულ ობსტრუქცია, ანუ სასუნთქი გზების შევიწროება აქვთ, ამიტომაც ექიმი ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითოვს, შსს-ში მოიკითხონ, რომელი ნივთიერებებით ხდება აქციაზე ადამიანების მოწამვლა.
ამ ადამიანებს შეიძლება ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდეთ - ამბობს ჯანაშია.
მე ვფიქრობ, რომ ის არ არის ჩვეულებრივი მხუთავი აირი, ანუ არ არის ცრემლსადენი გაზი. მეტად არის უფრო მხუთავი აირი, რომელშიც, სავარაუდოდ, დამატებული არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გახანგრძლივებულ ობსტრუქციას იწვევენ, ანუ სასუნთქი გზების შევიწროებას, იმიტომ, რომ აქ შემოყვანილ ადამიანებს დიდი ხანი არ ეხსნება ეს ობსტრუქცია. ამიტომ პირველი, რაც მინდა ვკითხო, მე ამის შემოქმედებს, ეს არის, რომ ჩვენ ექიმები, რომლებიც ვდგავართ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე, იმას ვცდილობთ, რომ უკვე ავად გამხდარ ადამიანებს მივხედოთ და თქვენ განგებ აზიანებთ ხალხო ხალხის ჯანმრთელობას? გარდა ამ ადამიანებისა დაზიანებისა, ამ ადამიანებს შეიძლება ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდეთ. გუშინ ახალგაზრდა გოგო იყო ისეთ დღეში აქ, რეანიმატოლოგი იყო აქ და ისე შეეშინდა, თვალებიდან არ ამომდის. ასეთი მძიმე ობსტრუქციის გამოწვევა მიტინგის დასაშლელად გამოსაყენებელ აირს არაფრით შეიძლება ჰქონდეს. კატეგორიულად მოვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსგან მოიკითხოს შსს-ში, რა ბრძანება გაიცა, კონკრეტულად რომელი ნივთიერებებით ხდება ამ ადამიანების მოწამვლა. სამი დღის წინ წვიმა მოდიოდა ამ კაფსულების. ანუ თვით კაფსულების რაოდენობაც კი არანორმალურად აღემატება იმ ადამიანების რიცხვს, რომელ ადამიანებზეც გათვლილია ეს", - განაცხადა ლალი ჯანაშიამ "პირველებთან".
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ექიმმა იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ დაწერა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტობრივად ქიმიური იარაღის გამოყენებას აქვს ადგილი და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება.
ამას ღიად უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჯანდაცვის სამინისტრო - ამბობს ექიმი და წყლის ნაკადის, როგორც ქიმიური ტოქსიკური ნივთიერების გადამტანზე საუბრობს.
ფოტო: shalika studio