"სტუდენტი ვარ და ჩემს ჩანთაში კონსპექტები იპოვეს" - მოქალაქე
"სტუდენტი ვარ და ჩემს ჩანთაში კონსპექტები იპოვეს" - ამის შესახებ "პირველებთან" მოქალაქემ განაცხადა, რომელიც თავისუფლების მეტროში რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ გაჩხრიკა.
მოქალაქე აღნიშნავს, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ჰქონია და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
არ ვიყავი აქციაზე. მეცადინეობიდან მოვდივარ. მეგობარი უნდა მენახა მეტროში. გამაჩერეს, მითხრეს პირადობა მომეციო და მითხრეს, რომ ჩანთა უნდა შეემოწმებინათ. თავად ვანახე ყველაფერი. რა ხდება არ ვიცი, უბრალოდ გული მწყდება, რომ ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა, რომ მოქალაქეებს ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევენ და დისკომფორტს გვიქმნიან. მე სტუდენტი ვარ, ჩემს ჩანთაში კონსპექტები იპოვეს, არაფერი მქონდა კანონსაწინააღმდეგო", - ამბობს მოქალაქე.
თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიციელები მეტროში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ და მოქალაქეების ჩხრეკა დაიწყეს.
ადგილზე მისულმა "ტვ პირველის" ჯგუფმა გადაიღო კადრები, თუ როგორ უმოწმებენ პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩანთებს.