მოვისმინე, რომ მოქალაქეებს უკანონოდ ჩხრეკენ, ფიქსირდება პოლიციის შესახებ კანონის დარღვევა - ლომჯარია
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თავისუფლების მეტროსთან მივიდა, სადაც ამ წუთებში სამართალდამცველები მოქალაქეებს ჩხრეკენ.
როგორც ყოფილი ომბუდსმენი "პირველებთან" აცხადებს, პოლიციელები ადამიანებს პირად ნივთებს უკანონოდ უმოწმებენ - "ჩხრეკის გარდა, ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი".
ამასთან, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ზედაპირული დათვალიერება ნივთების ამოღებას არ გულისხმობს - "ეს უნდა მოხდეს ხელის შეხებით ტანსაცმლის ზედაპირზე, ან შესაბამისი აპარატით".
მე ტელევიზიით მოვისმინე, რომ აქ ხდება მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამას აქვს ადგილი. უნდა ვთქვა, რომ ჩხრეკის გარდა, ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებასაც სჭირდება საფუძველი. ანუ, პოლიციელმა უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანს შესაძლოა დანაშაულებრივი ნივთები ჰქონდეს. ასე არ შეიძლება ნებისმიერს მიადგე და მოსთხოვო, რომ ჩანთა გახსნას.
გარდა ამისა, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შედგეს შემოწმების ოქმი, რაც ვიცი რომ არ დგება და ისე უშვებენ. ესეც არის პოლიციის შესახებ კანონის დარღვევა. მე პირადად მოვედი, რომ გავერკვე სიტუაციაში და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანონიერია მხოლოდ ის მოთხოვნა, როდესაც პოლიციელი ასაბუთებს თავის ეჭვს და ადგენს ოქმს. ასევე ზედაპირული შემოწმება არ გულისხმობს ჩხრეკას, ნივთების ამოღებას, ტანსაცმლის გახდას. ეს უნდა მოხდეს ხელის შეხებით ტანსაცმლის ზედაპირზე, ან შესაბამისი აპარატით", - ამბობს ნინო ლომჯარია.
თავისუფლების მეტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა - პოლიციელები მეტროში რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ და მოქალაქეების ჩხრეკა დაიწყეს.
ადგილზე მისულმა "ტვ პირველის" ჯგუფმა გადაიღო კადრები, თუ როგორ უმოწმებენ პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩანთებს.
ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომლითაც ირკვევა, რომ პოლიციელები ადამიანებს ჩანთებსა და პირადობის მოწმობებს რუსთაველის მეტროშიც უმოწმებენ.