ხელისუფლება ცდილობს, საქართველო რუსეთის და ბელარუსის მსგავს ქვეყნად გადააქციოს - მაისაშვილი
სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი, ზვიად მაისაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი საქართველოს რუსეთისა და ბელარუსის მსგავს ქვეყნად გადაქცევას ცდილობს.
ზვიად მაისაშვილი, რომელსაც "ხარებას" რაზმი წიხლებით შედგა და ქუჩაში უგონო მდგომარეობაში დატოვა, ამბობს, რომ ქართველი ხალხი დღეს ერთი იდეის გარშემო, ევროპული და დემოკრატიული ქვეყნისთვის იბრძვის.
დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთის მსგავს, ბელარუსის მსგავს ქვეყნად. მათი დასჯის მეთოდები და მათი პროპაგანდა ყველაფერი გადმოღებულია რუსეთიდან. ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ. ამის წინააღმდეგი ვართ, რომ საქართველო არ გახდეს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის რუსეთი და ვიბრძვით ევროპული და დემოკრატიული ქვეყნისთვის'', - ამბობს ზვიად მაისაშვილი.
ცნობისთვის, 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი კადრები, რომელიც მშვიდობიანი აქციის დარბევას ასახავს - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, ზვიად მაისაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ და ქუჩაში უგონო მდგომარეობაში დატოვეს, ხოლოს მისი ძმა ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს.