ვატო ბჟალავას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან
“რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვატო ბჟალავას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბჟალავა დიღმის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.
ცნობისთვის, ვატო ბჟალავა ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათი ჩიქოვანი წერდა, ბჟალავა საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც წაიყვანეს.
ის მსახიობების საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში გაიმართა და სადაც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისა და პროტესტისკენ მოუწოდეს.
გუშინ, 11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს.