ძალადობა იზოლატორში - ადვოკატის თქმით, პოლიცია დაკავებულს აიძულებდა, ცრუ ჩვენებაზე მოეწერა ხელი

13.12.24 11:19
ძალადობა იზოლატორში - ადვოკატის თქმით, პოლიცია დაკავებულს აიძულებდა, ცრუ ჩვენებაზე მოეწერა ხელი

“რონდელის ფონდის“ დაკავებული მკვლევარი ნაცემია - ვატო ბჟალავას იზოლატორში, სავარაუდოდ, გამომძიებლები გაუსწორდნენ.

ბჟალავა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში კაციტაძის უწყების წარმომადგენლებს ელოდება და პარალელურად სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესვლას ითხოვს, რათა მისი საქმის შესწავლა მოხდეს.

როგორც ირკვევა, გამომძიებლები იზოლატორში, აღიარების იძულების წესით, მას გაურკვეველ დოკუმენტზე ხელის მოწერას სთხოვდნენ. 

ის ასევე სათვალთვალო კამარების ჩანაწერების დაშიფვრას ითხოვს, სადაც ჩანს მისი დაკავების ეპიზოდი, როგორ სვამენ სამოქალაქო ფორმიანი პირები ძალის გადამეტებით ავტომობილში.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ისინი ბჟალავასგან ჩვენებაზე ხელმოწერას ითხოვდნენ, რომლითაც ის აღიარებდა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღაბი ეკეთა და პოლიციას ფიზიკურად უსწორდებოდა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ 48 საათიანი ვადა გამოიყენება და მას დიდი ალბათობით, იზოლატორიდან გაუშვებენ.

მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ გამოკითხონ ბჟალავა და დააიდენტიფიცირონ ყველა ის პოლიციელი, რომელიც ესწრებოდა მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ის პოლიციელი, რომელმაც ხელი დაარტყა და წვივში ჩაარტყა, ეგ ადამიანი არის დასასჯელი. ამისთვის საჭიროა დროული ქმედება, რადგან შესაძლოა კამერების ჩანაწერები გაანადგურონ. მას აქვს ჩალურჯებები წვივის არეში. მასზე არასათანადო მოპყრობა მას შემდეგ განხორციელდა, რაც დააკავეს და შეიყვანეს სამმართველოს იზოლატორში. ითხოვდნენ ტელეფონზე მოეხსნა პაროლი და ეუბნებოდნენ, თითქოს, აქციებზე ნიღბიან დაჯგუფებებეთან ერთად დადიოდა. ცხადია, ის დაჯგუფებებში არ მონაწილეობს და ვერ მიაწვდიდა ამ ინფორმაციას, მან არც ტელეფონის პარილი მისცა და ამიტომ დაარტყეს ხელი“, - ამბობს ადვოკატი.

“რონდელის ფონდის“ მკვლევარს,  ვატო ბჟალავას,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, ვატო ბჟალავა გუშინ წინ ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათი ჩიქოვანი წერდა, ბჟალავა საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც წაიყვანეს.

ვატო ბჟალავა მსახიობების საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში გაიმართა და სადაც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისა და პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.

11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზე გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი სიახლეები