კრწანისის გამგებელი ამტკიცებს, რომ იმიტირებულ ზეიმზე თანამშრომლები იძულებით არ გაუშვიათ
"ოცების" იმიტირებულ, ვერშემდგარ ზეიმზე ყველაზე მეტად კრწანისის რაიონის გამგეობა აქტიურობდა, რომლის თანამშრომლებიც "ტვ პირველის" კამერამ დააფიქსირა. აღნიშნულთან დაკავშირებით "პირველები" კრწანისის რაიონის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს დაუკავშირდა. მიქაუტაძე არ უარყოფს, რომ რუსთაველის გამზირზე მისი თანამშრომლები ნამდვილად იმყოფებოდნენ, თუმცა ამტკიცებს, რომ იქ იძულების წესით არავინ გაუშვიათ.
ერთი ადამიანი ნახეთ ვისაც ვაიძლე და ვუთხარი, რომ თუ არ მოხვალთ... ერთი ამდაიანი მინახეთ და მერე დამირეკეთ და მელაპარაკეთ, - ამბობს მიქაუტაძე.
ოპოზიცია ამბობს, რომ კალაძის გადაწყვეტილება, რომ იმ ადგილზე, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებს სცემდნენ და აწამებდნენ, ნაძვის ხე აენთო და ეზეიმა, მორალურად გაუმართლებელი იყო. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ზეიმი ჩაიშალა, რადგან "ოცნებამ" კარგად დაინახა, რომ ხალხის მოგროვება ვერ შეძლო.
კალაძის მმართველობის რეალურ ისტორიაში გუშინდელი დღე არის მორალურად ყველაზე გაუმართლებელი საქციელი, როდესაც თავისი თანაქალაქელების, ამომრჩევლების სისხლის გუბეში ცდილობდა ნაძის ხის ანთებას. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კალაძემ თბილისში ვერ მოაგროვა შესაბამისი ხმები ტოტალური გაყალბების ფონზეც. შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი, რომ მათ ჩაუვარდათ ბედნიერების და ჟრიამულის ის იყო, რომ ნახეს, რომ ძალიან ცოტა ხანი მოვიდა და თავისუფლების მოედანი ვერც კი შეავსო მათ მიერ ძალით მოყვანილმა ხალხმა, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი ნინო წულაძე.
შეგახსენებთ, რომ შაბათის ეთერმა დაადგინა იმ საჯარო მოხელეთა ნაწილის ვინაობა, ვინც "ოცნებამ" ზეიმის მსურველ მოქალაქეებად გაასაღა. მათ შორის არიან საბავშვო ბაღის თანამშრომლები, ბაღის დირექტორები, კრწანისის გამგეობის წევრები და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატები. "პირველების" კამერამ ოცნების მიერ საგანგებოდ მიყვანილ ხალხს შორის დააფიქსირა არაერთ სკანდალში გახვეული საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.