სასტიკად ნაცემი გიორგი კილასონიას სასამართლო პროცესი - შსს-ს ვიდეომტკიცებულებები არ აქვს
სასტიკად ნაცემი გიორგი კილასონიას სასამართლო პროცესი - შსს-ს ვიდეომტკიცებულებები არ აქვს. დღეს სხდომაზე მისული პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ სამხრე კამერები აქციის დროს დაკარგეს.
სამართალდამცველები დღეს ირწმუნებოდნენ, რომ ვერ დაინახეს, როგორ მიაყენეს დაზიანებები აქციაზე მყოფ კილასონიას სპეცრაზმელებმა და როგორ გახდა აქივისტი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
მოვიდა ორი პოლიციელი, რომლებმაც თქვეს, რომ თითქოს გიორგი უმისამართოდ იგინებოდა და აგინებდა პოლიციელებს, რისი დამადასტურებელიც ვერ იქნა წარმოდგენილი პროცესზე. გარდა ამისა, ჩვენ დავადასტურეთ ის ფაქტი, რომ იქ ეს პოლიციელები საერთოდ არ ყოფილან და იყვნენ მანქანაში. ამტკიცებდნენ, რომ თავად მიიღეს მონაწილეობა დაკავებაში. თუ დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა, მაშინ უნდა ენახათ ის არაადამიანური მოპყრობის ფაქტიც და იმდენი დაზიანება, რაც სახეზე აქვს ისიც უნდა დაენახათ, მაგრამ მაგაზე ამბობენ, ვერ დავინახეთ, როდის მიიღოო, რაც სრული აბსურდია, რადგან თუ ადამიანთან სამ მეტრში დგახარ და სპეცრაზმთან ერთად აკავებ, მაშინ იმასაც უნდა ხედავდე ადამიანს ამდენად არაადამიანურად რომ ექცევა სპეცრაზმი. სამხრე კამერებზე მოხდა ასეთი რამ, თქვეს, რომ მიმდინარე აქციების დროს დავკარგეთო, მაგრამ ეს იყო აქციების დაწყების პირველი დღე, როდესაც ბევრი ადამიანი გამოვიდა, ამიტომ როდის დაკარგეს გაუგებარია, როცა პირველი დღე იყო. სამხრე კამერები სპეციალურად არ მოაქვთ", - ამბობს ადვოკატი.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გიორგი კილასონიას საქმეზე სასამართლო პროცესი გადადო. საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ცაცუა 28 დეკემბერს გამოაცხადებს.
კილასონია 28 ნოემბერს დააკავეს. მას პოლიციისადმი დაუმორჩლებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. როგორც უფლებადმაცველი ამბობს, აქტივისტს დაკავებისას სასტიკად გაუსწორდნენ, მას აქვს დაზიანებები თავის და სახის არეში მიყენებული. კილასონიას მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ის იზოლატორშიც კი ვერ მოათავსეს და პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.