"დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - თბილისში ექიმების მარში მიმდინარეობს
მეტროსადგურ რუსთაველიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - ექიმები მარშით დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადაინაცვლებენ და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
"დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - სკანდირებენ მედიკოსები, რომლებმაც აქცია-მსვლელობის დაწყებამდე, რუსთაველის მეტროსთან, პეტიცია შეადგინეს და ხელი მოაწერეს.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".