მოახლოებული საფრთხე - ვაშლიჯვრის ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა

20.03.21 16:18
მოახლოებული საფრთხე - ვაშლიჯვრის ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა

ვაშლიჯვრის ფერდობზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. დაბზარული მონაკვეთი კი როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოსახლეობასთან და დასახლებულ პუნქტთან გაცილებით ახლოსაა. უკვე რამდენიმე დღეა გეოლოგები უმძიმეს შედეგებზე საუბრობენ, თუმცა დედაქალაქის მერიაში განგაშის საფუძველს ვერ ხედავენ. საშიში ფერობის ქვეშ სამშენებლო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. 

წინასწარი შეფასებით, ნახევარი კუბური მეტრი მიწის ფართობი ვაშლიჯვრის ფერდობს უკვე მოწყვეტილია, ადგილზე ნაპრალების რაოდენობა კი  ყოველდღიურად იმატებს. სპეციალისტები შესაბამისი ზომების დროულად მიღებას ითხოვენ.

მე მეცნიერი ვარ ვალდებულება მაქვს რომ ვილაპარაკო, მე უნდა გავაფრთხილო. იქნებ ჩემი წერილები ნახოს მერიამ, რამდენჯერ მიმიმართავს პირადად პირად საუბრბში, ვთანამშრომლობთ, ყველანაირად ვცდილობთ რომ ამ ქვეყანას წავადგეთ და აქ რასაც ვხედავთ მეწყრულ ტანზე არის სამშენებლო ნებართვები გაცემული, - ამბობს თეა გოდოლაძე.

ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერია ვაშლიჯვრის შესაძლო მეწყრის შესახებ ინფორმაციას 2019 წლიდან ფლობს. ჩხარტიშვილი თბილისის მერის, კახი კალაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. 

ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა აღვირახსნილმა კორუფციამ რეალური  საფრთხის წინ დააყენა ვაშლიჯვრისა და არამარტო მისი მოსახლეობა, საქმე ეხება ვაშლიჯვრის მეწყერს, რომლის თაობაზეც თბილისის მერიამ და კახი კალაძემ იცოდნენ 2019 წლიდან მოყოლებული და მიუხედავად ამისა კორუფციული მოგების მიზნით, გასცეს სამშენებლო ნებართვები. ჩვენ ვაყენებთ სულ მცირე კახი კალაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან ის ამის გამო პასუხს აგებს,  ჩვენ მოვითხოვთ, შეწყდეს ყველა მშენებლობა არამარტო ვაშლიჯვრის ამ მონაკვეთზე არამედ თბილისის მასშტაბით, - თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე რომ მეწყერი დაიძრა, ფოტოები და ინფორმაცია ამის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.