"თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს" - პროკურატურასთან საპროტესტო აქცია იმართება

23.12.24 11:28
"თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს" - პროკურატურასთან საპროტესტო აქცია იმართება

"თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს" - ამ სახელწოდების აქცია მიმდინარეოობს ამ წუთებში საქართველოს პროკურატურასთან. საგამოძიებო უწყებასთან "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნაცემი და ნაწამები ადამიანების ფოტოებით არიან მისული. ადგილზე არიან დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრებიც. აქციის მონაწილეები გაბიტაშვილის უწყებას უკანონო პატიმრების გათავისუფლებას სთხოვენ.

ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ჩემი შვილი, ზვიად ცეცხლაძე და ყველა აქ წარმოდგენილი ადამიანი არის უკანონობის მსხვერპლი, არის  პოლიტიკური პატიმარი. ისინი ისჯებიან სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის. იბრძოდნენ და თავს იცავდნენ იმ გავეშებული მხეცებისგან, ვინც სასიკვდილოდ იმეტებდა ახალგაზრდებს. ყველა ეს ადამიანი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიოების ფარგლებში და წინააღმდეგობას უწევდა, იცავდა თავის სიცოცხლეს. ყველა აქციაზე, სადაც არ უნდა გაიმართოს, ყველგან ვიქნები ამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. დღეს ეს საქმეები შეკერილი აქვს პროკურატურაას ყალბი ბრალდებებით, არავითარი მტკიცებულებები არ აქვთ, შესაბამისად, მოვუწოდებ მათ, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა ახალგაზრდების, უმეტესად ბავშვების, გაათავისუფლონ ისინი ციხეებიდან და დაუბრუნონ ბავშვები ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე. 

ზვიად ცეცხლაძის დედა მოსამართლეებს ურჩევს, საკუთარ გულებში ჩაიხედონ.  

მე ერთი თხოვნა მაქვს მოსამართლეებტან და პროკურატურასთან, ჩაიხედონ საკუთარ გულში და იმ ბავშვებში დაინახონ თავისი შვილები. რატომ არიან ის ბავშვები იქ, რამ მიიყვანა იქამდე და რატომ აპროტესტებდნენ ამათ, - ამბობს ცეცხლაძის დედა.  

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ საქართველოში პატრიოტების მწამებელი სისტემა ვერ შენარჩუნდება.  

შეუძლებელია, საქართველოში შენარჩუნდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც თავისი არსით არის სუფთად რუსული. რუსული რეჟიმი გაფორმდა ყველანაირად, იმიტომ, რომ ზვიად ცეცხლაძეს, მის თანატოლებს, უფროსებიც არიან, ყველა ამ ადამიანს ეს სისტემა აწამებს. სიკვდილის ბრიგადები სიკვდილის კორიდორებს უწყობენ, მერე შეთითხნილი ბრალდებით აკავებენ ციხეში და შეუძლებელია, ქართველი პატრიოტების მწამებელი სისტემა შენარჩუნდეს საქართველოში, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.