კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული: სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ მკვლელობაში
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვა.
სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში.
თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, - განაცხადა ბექა ჯაიანმა.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
IPN.GE