ბლოკბასტერებშიც არ მინახავს მსგავსი სისასტიკე... გულწასულ ადამიანს მიათრევდნენ, ვემუდარებოდი, არ დაეკავებინათ - ბახუტაშვილის სიტყვა პროცესზე

23.12.24 15:43
ბლოკბასტერებშიც არ მინახავს მსგავსი სისასტიკე... გულწასულ ადამიანს მიათრევდნენ, ვემუდარებოდი, არ დაეკავებინათ - ბახუტაშვილის სიტყვა პროცესზე

საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის პროცესი ისევ მიმდინარეობს. ამ წუთებში მოსამართლე მსახიობ ნანკა კალატაოზიშვილის ჩვენებას ისმენს, რომელიც მოწმის სახით არის გამოძახებული. სწორედ კალატოზიშვილი იმყოფებოდა ბახუტაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე, როდესაც მსახიობი დააკავეს. 

ნანკა კალატოზიშვილი პროცესზე ამბობდა, რომ გიორგი ბახუტაშვილს შეურაცხყოფა არავისთვის მიუტენებია და მხოლოდ კითხვას სვამდა, რა ხდებოდა და რატომ აკავებდნენ ადამიანებს, როდესაც ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. 

მანამდე სხდომაზე ორი მოწმე პოლიციელი გამოიძახეს, რომელიც ბახუტაშვილის შეფასებით, ცრუ მოწმეები არიან, რადგან მისი თქმით, არცერთი მათგანი მის დაკავებაში არ მონაწილეობდა. ერთი სამართალდამცველი ამბობს, რომ დაკავების ოქმი შეადგინა, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ პოლიციელებს დაეხმარა, რომ ბახუტაშვილი დაკავების მანქანამდე მიეყვანა. 

ორივე პოლიციელი დღეს ამტკიცებდა, რომ ბახუტაშვილი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და უმისამართოდ იგინებოდა, ასევე ის ხელს უშლიდა დაკავების პროცესში. თუმცა, როდესაც სასამართლო დარბაზში მოწმეებს დამაზუსტებელი კითხვა დაუსვეს, რა იგულისხმებოდა ფიზიკურ ხელშეშლაში, ორივე მოწმემ თქვა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. 

გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი ფარსია, ხოლო მოვლენები, რომელიც რუსთაველზე განვითარდა, სისასტიკეა და მსგავის სცენები მხოლოდ მძაფრსიუჟეტიანი ფილმებში აქვს ნანახი. 

ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და ვთხოვდი, უფრო სწორად, ვემუდარებოდი, რომ არ დაეკავებინა ეს ადამიანი. ოღონდ არც გზაზე გადავღობებივარ ამ პოლიციელს, უკნიდან მივყვებოდი და ვთხოვდი, ფიზიკურადაც არ შევხებივარ და მაგ დროს უკნიდან გავიგე გინება და მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ, ხელკეტი იყო და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, - ამბობდა პროცესზე გიორგი ბახუტაშვილი. 

ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე, ნინო ენუქიძეზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს - მისცემს სიტყვიერ გაფრთხილებას თუ დააჯარიმებს.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთ-ერთი მოქალაქის, საბა ქევხიშვილის პროცესიც. ის მოსამართლემ სამართალდამრღევად ცნო, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.