სისხლის სამართლის წესით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, აქციების 30-მდე მონაწილეა დაკავებული - მესამე სექტორი
მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები წარადგინეს.
მათი ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით აქციების 30-მდე მონაწილეა დაკავებული, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გამოიყენა, მოგვიანებით კი ორ მათგანს - ალეკო ელისაშვილსა და ერთ არასრულწლოვანს გირაოთი შეუცვალა.
მათივე ცნობით, ამ დრომდე არც ერთი მოძალადე პოლიციელი დაკავებული არაა, მეტიც, “არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.“
ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია აქციის 30-ზე მეტი მონაწილე. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულებს შორის 10-მდე სტუდენტია. დაკავებულთა შორის არიან ასევე, ექიმი, ჟურნალისტი, მსახიობები, აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. მოგვიანებით, 2 პირი, ალეკო ელისაშვილი და ერთი არასრულწლოვანი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
ამის პარალალურად არ არის დაკავებული არც ერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ და სასამართლომ არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქუჩაში აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები და მათი ადვოკატები საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების დროს არაერთ დარღვევაზე საუბრობენ. მათ შორის, მიუთითებენ უკანონო პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის ფაქტებზე, დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.
დაკავებულთა ნაწილი დაკავების შემდგომ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ფიზიკურ ანგარიშისწორებაზე საუბრობს (მაგალითად, საბა სხვიტარიძის, რევაზ კიკნაძის, ნიკა კაციას, ალეკო ელისაშვილისა და სხვების საქმეები)“, - განაცხადეს არასამთავრობოებმა საგანგებო ბრიფინგზე.
ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა სასამართლო განხილვებზე გამოვლენილი ტენდენციებსა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის არსებითი დარღვევებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მოსამართლეთა მიკერძოება ბრალდების მხარისადმი თვალში საცემი იყო.
პროკურატურის მიერ ბრალდებულთათვის წარდგენილი ბრალი, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც პროკურატურა ბრალდებულებს ედავება ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულებს, არის შაბლონური და იდენტური. პროკურატურის მიერ აქციის მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენის საფუძვლად გამოყენებული მტკიცებულებების ნაწილი არ არის მოპოვებული კანონიერად ან/და მათი მოპოვების კანონიერება და უტყუარობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ: ა) რიგ შემთხვევებში დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ადგილი და დრო არ შეესაბამება რეალობას; ბ) რიგ შემთხვევებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია გადაუდებელი აუცილებლობით ან/და ღამით, მაშინ როცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა; გ) რიგ შემთხვევაში დარღვეულია დაკავების ვადები - ბრალდებულთა ნაწილი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებისთანავე, იზოლატორის ეზოში;
აქციის მონაწილე ყველა ბრალდებულის მიმართ, პროკურატურამ სასამართლოს წინაშე მოითხოვა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება. (მაშინ, როდესაც ე.წ. “ტიტუშკების” მიმართ პროკურატურამ გირაო მოითხოვა). პროკურატურა არ ასაბუთებს, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება (მაგალითად, გირაო ან პირადი თავდებობა) აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას;
საქმეთა აბსოლუტურ უმრავლესობაში პროკურატურის მიერ სასამართლოში, პატიმრობის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობები არ აკმაყოფილებს არც მტკიცებულებით სტანდარტს და არც პატიმრობის შეფარდების დასაბუთებას შეიცავს. შუამდგომლობები ძირითადად შაბლონურია. შუამდგომლობებში აბსტრაქტულად არის მითითებული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშზე, მიმალვის საფრთხეზე, მოწმეებზე ზეგავლენის რისკებზე, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები, რაც ამ საფრთხეების რეალურობას დაადასტურებს. კერძოდ, არ არის მითითებული შუამდგომლობებში და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს რომ ბრალდებულები მიიმალებიან, ან როგორ მოახდენენ აქციის მონაწილეები ზემოქმედებას მოწმეებზე, რომლებიც ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან ან როგორ გაანადგურებენ აქციის მონაწილეები ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებების გამგებლობაშია“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მათივე თქმით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი დაუსაბუთებელი შუამდგომლობების მიუხედავად, სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა ყველა მათგანი და აქციის ყველა მონაწილეს შეუფარდა პატიმრობა.
სასამართლომ პატიმრობის შეფარდებისას გამოიყენა მტკიცებულებები, რომელთა ნაწილი უკანონოდაა მოპოვებული, ხოლო ნაწილის მოპოვების კანონიერება და უტყუარობა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პატიმრობის შეფარდება მოხდა იმ ბრალდებულთა მიმართაც, რომლებიც სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ დაკავებისას და პოლიციის განყოფილებებში სამართალდამცავთა მიერ მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ;
სასამართლო სხდომებზე მოსამართლეები გამოტანილი გადაწყვეტილებების ზეპირსიტყვიერი დასაბუთების დროს ფაქტობრივად იმეორებდნენ ბრალდების მხარის პოზიციას. მოსამართლეები, პროკურორების მსგავსად, არ უთითებენ კონკრეტულ გარემოებებზე, რამ განაპირობა ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდება და რატომ არ იყო შესაძლებელი ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება დაკავებულების მიმართ“, - აღნიშნეს ბრიფინგზე.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან