"მოგვიგზავნეს "ტიტუშკა" ქალები" - ფოთში ელისო ჯანაშიას თავს დაესხნენ

23.12.24 22:22
"მოგვიგზავნეს "ტიტუშკა" ქალები" - ფოთში ელისო ჯანაშიას თავს დაესხნენ

ფოთში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ელისო ჯანაშიას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავს დაესხნენ - როგორც ჟურნალისტი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ერთ-ერთი ქალი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, გარკვევით ჩანს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ჟურნალისტს ხელი დაარტყა, თმა მოგლიჯა და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები გააჟღერა. 

ელისო ჯანაშია მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმად აფასებს და ამბობს, რომ ქალი, რომელიც მიუვარდა, "ქართული ოცნების" შტაბში მუშაობდა. 

ორი ქალი მოვიდა, პრაქტიკულად, მოგვივარდნენ ასეთი ფრაზებით, რომ ჩვენ ვართ გარყვნილების ბუდე, რატომ გინდა ევროპა, რუსეთი ძალიან კარგიაო, ის გვაცმევს, გვაჭმევს, გახურავსო. ახალგაზრდებს აყენებდა შეურაცხყოფას, ამ ხმაურზე გამოვიხედე და ჩავრთე ლაივი, ამან სულ გააგიჟა.

ჩვენი დამცავი დღეს ერთადერთი არის, რომ ჩვენ ვრთავთ ლაივს და ვაჩვენებთ ამ აგრესიული ადამიანებს სახეს. მეტი სხვა დამცავი მექანიზმი არ გვაქვს. ზუსტად იცოდნენ, სად მოდიოდნენ, ვინ ვიყავი. მე ამას ვუკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობას. ფოთში ყოველდღე გვაქვს საპროტესტო აქცია და ვაპროტესტებთ ამ საშინელებას, რასაც ხელისუფლება გვიწყობს მკვლელების ხელით. ეს ქალი, ვინც ჩემზე ფიზიკურად იძალადა, როგორც მე გავარკვიე, ეს ქალი და მისი ქმრის ოჯახი მუშაობდა ''ქართული ოცნების'' შტაბში.

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ, ამდენი რეჟიმი გამოვიარე, ეს იყო შოკური მდგომარეობა. ხელით შემეხო, ჯერ ექსპერტიზაზეც არ გადავუყვანივარ პოლიციას'', - ამბობს ელისო ჯანაშია.