ვცდილობთ, ჩვენი ხმა დე ფაქტო ხელისუფლებას მივაწვდინოთ, რომელსაც ტყვედ ზვიადი ჰყავს აყვანილი - ზურა ცეცხლაძე

23.12.24 23:46
ვცდილობთ, ჩვენი ხმა დე ფაქტო ხელისუფლებას მივაწვდინოთ, რომელსაც ტყვედ ზვიადი ჰყავს აყვანილი - ზურა ცეცხლაძე

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა "ტვ პირველის" ეთერში ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ განსაკუთრებით საჭიროა პროტესტის კერა ყველა იმ დაწესებულებასთან არსებობდეს, რომელიც ახალგაზრდების საქმეების შეკერვა-დამუშავებაზე მუშაობენ.

"ჩვენი ხმა დე ფაქტო ხელისუფლებას უნდა გავაგონოთ, რომელსაც ტყვედ არამარტო ზვიადი, ასევე ძალიან ბევრი თანამებრძოლი ჰყავს აყვანილი" - ამბობს ზურა ცეცხლაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ძალის დემონსტრირება მასობრივ აქციებშია. 

ამასთან, ზურა ცეცხლაძის ცნობით, ზვიადის დაკავების შემდეგ მისგან პირველად მიიღეს წერილი, სადაც ციხის სიტუაციას აღწერს. 

ეს ახალგაზრდები, ვინც სხედან ციხეში, მათი საქმეების შეკერვა-დამუშავებაზე მუშაობენ. შესაბამისად, უნდა იგრძნობოდეს ყველა ამ დაწესებულების შესასვლელებში პროტესტები. ჩვენ, ზვიადის მშობლები ყველა პროტესტს ვუერთდებით და ვცდილობთ, ჩვენი ხმა არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დე ფაქტო ხელისუფლებას გავაგონოთ, რომელსაც ტყვედ ჰყავს აყვანილი არამარტო ზვიადი, ასევე ძალიან ბევრი თანამებრძოლი...

არ არსებობს ძალა ამ ქვეყანაში, ვინც ახალგაზრდებს უკან დაახევინებს. რაც შეეხება ზვიადის მდგომარეობას, დღეს დაპატიმრების მერე პირველად მივიღეთ მისი წერილები. აღწერს ციხის სიტუაციას, როგორ შეხვდნენ, რა გარემოა და წერს მისი სულიერი მდგომარეობის შესახებ, რომ ძალიან ამაყად და შეუდრეკლად არის. ციხის დამოკიდებულება არის დამაკმაყოფილებელი, ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ აქვს ადგილი. ბრძოლის გაგრძელების ხასიათზეა'', - ამბობს ზურა ცეცხლაძე.

"დაფიონის" ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს - უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო იყო. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო.  

ზვიად ცეცხლაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.