"მოვიმარჯვე ასანთი და ჩამწვარი ღერებით საკნის კედელზე მარო მაყაშვილის სიტყვები დავწერე" - ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

24.12.24 00:29
"მოვიმარჯვე ასანთი და ჩამწვარი ღერებით საკნის კედელზე მარო მაყაშვილის სიტყვები დავწერე" - ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. "დაფიონის" დამფუძნებელი წერს, რომ საკანში მოთავსებიდან მალევე მასთან ახალგაზრდა ბიჭები შეიყვანეს და ერთხმად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 

"მოვიმარჯვე ასანთი და ჩამწვარი ღერებით საკნის კედელზე მარო მაყაშვილის სიტყვები დავწერე - "გავიმარჯვებთ სახელოვნად" - აღნიშნავს ზვიად ცეცხლაძე წერილში, რომელიც მშობლებს გაუგზავნა. 

სასამართლოში მისული საკანში მომათავსეს, მალევე ახალგაზრდა ბიჭები შემოიყვანეს ჩემს პატარა კამერაში თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი წლის. გაირკვა, რომ ყველას ერთი და იგივე 225-ე მუხლს გვედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობას. ვის ორგანიზატორობას, ვის მონაწილეობას, საგულისხმოა, რომ ერთმანეთი საკანში გავიცანით. ერთმანეთის ნახვამ გაგვამხნევა, ხასიათზე მოვედით, ერთმანეთს ვაგულიანებდით. ისე შევხმატკბილდით, რომ საქართველოს ჰიმნიც ვიმღერეთ. პოლიციელები გაისუსნენ, მხოლოდ ჩვენი საკნიდან გადიოდა ეროვნული ჰანგები. მეეჭვება, რომ პოლიცია ოდესმე ენახოს ერთი იდეის გამო გაერთიანებული ახალგაზრდები, რომლებიც გისოსებს მიღმაც კი მათზე თავისუფლები იყვნენ.

გაგვიყვანეს სასამართლოში, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯა. უგულებელყო ყველა სამართლის პრინციპი და ღიმილის ბიჭები საციხოდ გაგვიმეტა. საკანში დაბრუნებულს პოლიციამ ბორკილები მომხსნა, ალბათ მის გულშიც ხდებოდა რაღაც...

მაგრამ სხვა ბიჭები კვალ ბორკილებით ისხდნენ, სოლიდარობის ნიშნად თოკით მეც დავიბი ხელები. ვისხედით ესე ბიჭები, ჩაფიქრებულები. უცებ მოვიმარჯვე ასანთი და ჩამწვარი ღეროებით საკნის კედელზე დავწერე მარო მაყაშვილის სიტყვები: გავიმარჯვებთ სახელოვნად!'', - წერს ზვიად ცეცხლაძე.
 

ცნობისთვის, "დაფიონის" ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს - უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო იყო. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო.  

ზვიად ცეცხლაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.