ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

24.12.24 10:45
ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი ჩაიძირა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ბაზიდან პერსონალის და ტექნიკის ევაკუაციის მიზნით სირიისკენ მიემართებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედიაზონა“ წერს.

ესპანური გამოცემა La Verdad-ის ინფორმაციით, მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს. ეკიპაჟის კიდევ 2 წევრი დაკარგულად ითვლება. გამოცემის წყაროთა ცნობით, ჩაძირვამდე გემზე აფეთქება მოხდა.

„მედიაზონა“ წერს, რომ გემი 11 დეკემბერს პეტერბურგიდან გავიდა და ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდა. 

გემების გადაადგილების მარშრუტის ამსახველი სერვისის, MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, Ursa Major-ის გარდა, ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა კომპანია „ობორონლოგოსტიკის“ კიდევ ერთი სატვირთო გემი Sparta.

სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ორი გემი 2022 წლამდე გამოიყენებოდა სირიაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების მომარაგების მიზნით.

ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება რუსეთის სამი სადესანტო გემიც. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ სამხედრო და სატვირთო ხომალდების დანიშნულების ადგილი სირიაა, მიზანი კი ქალაქ ტარტუსში მდებარე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის ევაკუაცია.