დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე - ხელოვანების წერილი გენერალურ პროკურორს
მიმართვა გენერალურ პროკურორს - გიორგი გაბიტაშვილს მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანები ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას სთხოვენ. ამ მოთხოვნით მთავარ საგამოძიებო უწყებაში ასობით ხელმოწერა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა შეიტანა. ათასამდე ადამიანი მსახიობს, რომელსაც რეჟიმი 6 წლიანი მუხლით ციხეში გამოკეტვას უპირებს, თავდებში უდგება და ქვეყნის მთავარ პროკურორს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართვას.
რამდენიმე წუთის წინ, ქვეყნის მთავარ პროკურორს მივმართე განცხადებით და წარვუდგინე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ასეულობით ხელმოწერა მიმართვის წერილებთან ერთად, რომლის მთავარი მოტივაცია არის ერთადერთი, რომ შეცვალონ და გააუქმონ აღკვეთის ღონისძების სახით გამოყენებული უკანონო პატიმრობა. ხელოვანები, პირველ რიგში გამოხატავენ მხარდაჭერას ანდროს მიმართ და შემდგომ, პროკურატურას სთხოვენ, რომ მიმართოს შუამდგომლობით სასამართლოს, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, და საკუთარ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში პროკურატურა და შემდგომ სასამართლო დააყრდნობს იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლებსაც წესით ქვეყანაში უნდა ვიყენებდეთ, ანდრო ჭიჭინაძე უნდა გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან. რეალურად, ჯერჯერობით პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ცარიელი, იმიტომ, რომ წარმოდგენილი არის მხოლოდ რამდენიმე ვიდეო, რომელშიც კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი დასტურდება. საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ ვერც ვერაფერი გაჩნდება, იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო სხდომა 16 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.