"ჩემს დაზე იყო საუბარი, პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს შეყვარებულსაც" - მკვლელობაში ბრალდებული

24.12.24 14:23
"ჩემს დაზე იყო საუბარი, პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს შეყვარებულსაც" - მკვლელობაში ბრალდებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც გოგიძემ სხდომაზე განაცხადა, მის მიმართ პოლიციელებმა დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს.

„ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, დამემუქრნენ... დილის 11 საათზე შემიყვანეს, არც საკვები, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ. ჩემს დაზე იყო საუბარი, ამას ასე ვუზამთო, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფები იყო, ასევე ჩემს შეყვარებულზე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. აი, რომ მიგიყვანთ განყოფილებაში, ნახე რას გიზამენო",- განაცხადა გოგიძემ.

საქმის პროკურორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებულს გაესაუბრებიან და თუ შესაბამისი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ისინი შესაბამის უწყებებს მიმართავენ. ამასთან, ბრალდებულის განცხადებაზე რეაგირებისთვის მოსამართლემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულ დავით გოგიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

შემთხვევა 21 დეკემბერს, თბილისში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 4 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.