გამოიყენება თუ არა იბუპროფენი ბავშვებსა და ორსულებში?

24.12.24 16:22
გამოიყენება თუ არა იბუპროფენი ბავშვებსა და ორსულებში?

იბუპროფენის შესახებ, ალბათ, ყველას გვსმენია — ეს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ბევრნაირი დისკომფორტის წინააღმდეგ გამოიყენება. მისი მთავარი მოქმედი აქტიური ნივთიერება თავად იბუპროფენია და იყიდება როგორც ტაბლეტების, ისე სუსპენზიის (სიროფის) სახით.

დაწყებული თავის სუსტი ტკივილით, დამთავრებული ძლიერი მენსტრუალური კრუნჩხვებითაც კი — იბუპროფენი ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული გამოსავალია.

თუმცა, შეიძლება მას ყველანაირი პაციენტი იყენებდეს?

იბუპროფენი ბავშვებში

იმის გამო, რომ იბუპროფენი საკმაოდ მაღალი დოზირებითაა ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი, ის 3 წლამდე ბავშვებში საერთოდ არ გამოიყენება. 3-დან 12 წლამდე ბავშვების შემთხვევაში მედიკოსების აზრი იყოფა და თამამად დაშვებული პრეპარატი მხოლოდ 12 წელს გადაცილებული მოზარდებისთვისაა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გაიდლაინები გვეუბნება, რომ 3-დან 12 წლის ასაკამდე ბავშვებში იბუპროფენი ჩვეულებრივ ინიშნება, მხოლოდ სუსპენზიისა და საღეჭი კაფსულების ფორმით.

მისი მიღება დაშვებულია ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მაღალი სიცხე, ცხელება, ყელის, ყურის, კბილისა თუ თავის ძლიერი ტკივილი, კორონავირუსის სიმპტომები, ანთებითი პროცესები, ართრიტი და სხვა.

ბრიტანელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში განსკაუთრებულად ვერიდოთ წამლის თვითნებურად მიცემას და კონსულტაცია გავიაროთ პედიატრთან.

ამავე გაიდლაინის მიხედვით, 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის ინიშნება როგორც ტაბლეტები და კაფსულები, ისე წყალში ხსნადი გრანულები. თუმცა, ეს უკანასკნელი, მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში, მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.

ქართულ წყაროებში კი იბუპროფენის შესახებ ვკითხულობთ, რომ 12 წლამდე მოზარდებში მედიკამენტი არ გამოიყენება. გავრცელებული მითია, რომ იბუპროფენი 200მგ-იანი ბავშვებში გამოიყენება, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ყოველთვის უმჯობესია, გავესაუბროთ ექიმს.

იბუპროფენი ორსულობასა და ლაქტაციის დროს

მედიკამენტი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში არ გამოიყენება, ხოლო მესამე ტრიმესტრში შეიძლება მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციისა და მისგან შესაბამისი რეკომენდაციის მიღების შემდეგ.

საქმე იმაშია, რომ იბუპროფენის ორსული ქალის მიერ მიღებამ, შეიძლება, გავლენა მოახდინოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემასა და თირკმლებზე. ამიტომაც, სწორედ ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს, წონის თუ არა იბუპროფენის დალევით მიღებული დადებითი შედეგი ნაყოფზე შესაძლო ნეგატიურ გავლენებს.

რაც შეეხება ძუძუთი ბავშვთა კვების დროს მედიკამენტის მიღებას — ამ ეტაპზე არ არსებობს კვლევები, რომლებიც დედის მიერ პრეპარატის დალევის რაიმე მავნე გავლენას დაადასტურებდა.

თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სწორედ კვლევების ნაკლებობის გამო, იბუპროფენის მიღება ლაქტაციის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ ხანმოკლე მკურნალობისთვის (ტკივილის გასაყუჩებლად, სიცხის დამწევად, ა.შ.)

როგორც გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გაიდლაინებში ვკითხულობთ, იბუპროფენი ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში და, შესაბამისად, მინიმალურად ხვდება ახალშობილის ორგანიზმშიც. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევებში ამ მცირე რაოდენობასაც ჰქონდეს გავლენა.

თუკი იბუპროფენის მიღების შემდეგ შენიშნეთ რაიმე ცვლილება ბავშვის ქცევაში, კვებისა თუ ძილის რეჟიმის კუთხით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ იბუპროფენის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული იყოს, ერთი რამ ცხადია — ასეთი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ყოველთვის უმჯობესია, ექიმის რეკომენდაციით მივიღოთ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა საუბარი პატარებზე, ორსულებზე ან ლაქტაციაზე მყოფ დედებსა და ჩვილებზეა.

NS

მსგავსი სიახლეები