ვინ არის ქალი ტიტუშკა, რომელიც გუშინ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

25.12.24 15:36
ვინ არის ქალი ტიტუშკა, რომელიც გუშინ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

დადგენილია ორბელიანების მოედანზე მყოფი ერთ-ერთი "ტიტუშკა" ქალის ვინაობა - ოპოზიციის ინფორმაციით, მარიამ სუხიშვილი ჩუღურეთის მე-9 საარჩევნო უბნის დამოუკიდებელი თავმჯდომარე იყო და სწორედ ის ეხმარებოდა "ქართულ ოცნებას" არჩევნების მიტაცების პროცესში. 

გუშინდელი ინციდენტი არ იყო ერთადერთი, როცა მარიამ სუხიშვილი თავს ოპონენტებს დაესხა. არსებობს ვიდეომასალა, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ის შეურაცხყოფას იმ ახალგაზრდებს აყენებს, რომლებიც ქუჩაში ევროპულ მომავალს იცავენ.

აქამდე თუ მამაკაცებით იყო შევსებული, ახლა ქალებიც დაიმატეს. გუშინ იყო მარიამ სუხიშვილი. ეს ქალბატონი არის ჩუღურეთის ოლქში მე-9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე. ჩუღურეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პარტიის თავმდჯომარე ქალბატონი რიმა ბერაძეა და არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან ახლოურთიერთობა ჰქონდეს ქალბატონ რიმას ქალბატონ სუხიშვილთან. პარტია როცა იხმობს სუხიშვილს, ისევე, როგორც კომუნისტური პარტია იხმობდა თავის დროზე ადამიანებს, იქ გამოიყენებს, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი. 

ენმ-ს წევრი ასევე გუშინდელ ინციდენტში მონაწილე სხვა ტიტუშკებზეც საუბრობს. 

თაღლითია ლექსო კობაიძე, რომელიც ასევე კაპიტნად მოგვევლინა არჩევნებზე. ასევე წარმოდგენილი იყო გუშინ საახალწლოსოფელში გიორგი პაპიძე, საკრებულოს თანამშრომელი მელიქიშვილი და ეს ადმაიანები ქმნიან ფონს, თითქოს ხალხი მივიდა საახალწლო სოფელში, რომელიც გუშინ და იმის წინ აბსოლუტურად ცარიელი იყო, - ამბობს ენმ-ს წევრი ლილე ლიპარტელიანი. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერი ახლა მორალურად და პოლიტიკურადაც გაკოტრებულია და ის ხალხი, ვინც ახლა მას თავგამოდბით იცავს, თანამდებობის დაკარგვის შემდეგ მის წინააღმდეგ იქმოდებენ. 

კახა კალაძე არის ინტელექტუალურად, მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებული და ის ხალხი, რომელთა დახმარებითაც გადაადგილდება  და რომელთა საშუალებითაც სამარცხვინო პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ეს ხალხი იქნება პირველი, რომელიც თანამდებობის დაკარგვის შემდეგ მის ნივთებს ჩაალაგებს და გამოიტანს თბილისის მერის კაბინეტიდან. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება საჯარო მოხელების გამოყენება, რაც არის საჯარო სექტორში არსებული ძალიან ტოქსიკური და მძიმე გარემოს კიდევ ერთი დადასტურება, - ამბობს საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის პარალელურად, კახი კალაძემ ორბელიანების მოედანზე საჯარო მოხელეები და ის ხალხი მიიყვანა, ვისაც სხვადასხვა ზონდერ დავალებებისთვის იყენებს. მათ შორის იყო ის ჯგუფიც, რომელიც პრეზიდენტს თავისუფლების მოედანზე ლაზერებს ანათებდა. მას შემდეგ, რაც "ტვ პირველმა" ტიტუშკები გაშიფრა, ისინი გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სცადეს ტექნიკის დაზიანება და მიკროფონის წართმევასაც. ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც. ყველაფერს საპატრულო პოლიცია უყურებდა, თუმცა არ რეაგირებდა.