საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებები მიზნად საჯარო მოხელეების დაშინებას ისახავს - ბურჯანაძე
ერთპარტიული პარლამენტის მიერ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების მიღებას იურისტი გიორგი ბურჯანაძე სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.
ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილის შეფასებით, ცვლილებების მიზანი საჯარო მოხელეების დაშინებაა, რათა მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ვერ გამოხატონ.
"დე ფაქტო კანონი, მხოლოდ და მხოლოდ, დიქტატურულ ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს" - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.
დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულმა დე ფაქტო კანონმა, რომელიც საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებებს ისახავდა მიზნად, მას ერთი კონკრეტული მიზანი აქვს, რომ მაქსიმალურად დააშინოს საჯარო მოხელეები, რათა მათ არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ გამოხატონ აზრი, დააფიქსირონ მოსაზრებები, მათ შორის, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, კონსტიტუციურ საკითხებთან. ერთადერთი მიზანი აქვს მას, რომ დრაკონულად შეზღუდოს საკითხები. ეს არის აზრის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული დე ფაქტო კანონი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, დიქტატურულ ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს", - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
"ქართულმა ოცნებამ" მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 79 ხმით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო.
ცვლილებების მიხედვით:
- ხელმძღვანელს, პირადი შეფასების საფუძველზე, შეუძლია საჯარო მოხელის ხელფასის 20% ნახევარი წლით დააკავოს.
- რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა პირმა, შესაძლოა, სასამართლოს გზით განაცდური ვეღარ აიღოს.
- რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის საჩივრის დაკმაყოფილება არ ითვალისწინებს სამსახურში აღდგენას.
- ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებით, საჯარო მოხელე აღარ იქნება მუდმივი ხელშეკრულებით დასაქმებული.
- თანამდებობის პირის ან დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომამ ან გათავისუფლებამ, შესაძლოა, დასაქმებულის გათავისუფლებაც გამოიწვიოს.