ვანო ჩხარტიშვილის ცოლმა აქციებზე ყოფნის გამო თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა

26.12.24 17:56
ვანო ჩხარტიშვილის ცოლმა აქციებზე ყოფნის გამო თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მინი ოლიგარქის, ვანო ჩხარტიშვილის ცოლმა აქციებზე ყოფნის გამო თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა - ქეთი ფარცხალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის” პოზიციიდან ისე გაათავისუფლეს, რომ ამის შესახებ წინასწარ არც კი გააფრთხილეს. 

როგორც ფარცხალაძე სოციალურ ქსელში წერს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, ნანა გოთუას, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის მეუღლეა, დამოკიდებულება მის მიმართ მას შემდეგ გაცივდა, რაც მან სოციალურ ქსელში  აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა დაგმო და აქტიურად დადიოდა აქციაზე. 

უკვე მეორედ აღმოჩნდა ხელისუფლებისადმი ლოიალობა ჩემი სამსახურის დაკარგვის ფაქტორი
      ტელეიმედი გახსოვთ, პოლიტიკური თემების გაშუქება ან წასვლა - ასეთი არჩევანი დამიყენეს. ამჯერად, გალობის უნივერსიტეტის ,,მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის” პოზიციიდან გამიშვეს.
      აქ მუშაობა სექტემბერში დავიწყე. ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაიწყებამდე, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად მოსწონდათ. მეუბნებოდნენ, რომ უნივერსიტეტს დაეტყო პროფესიონალის ხელი. ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა. მე და ქ-ნმა ნანამ დავსახეთ შემდეგი წლის სტრატეტგიული გეგმაც. 
ნოემბრის ბოლოდან დავდიოდი აქციებზე და ჩემს ფბ კედელზე პოზიციას გამოვხატავდი  _ ჟურნალისტებისა და არამარტო მათ ცემაზე, სამართალდამცველების უმოქმედობაზე და ა.შ.  რა თქმა უნდა, ჩემი ეს პოზიცია, არანაირად არ შესულა უნივერსიტეტში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთანვე შევათანხმე ისიც, რომ გარკვეული პერიოდი თავი შეგვეკავებინა უნივერსიტეტის სოცქსელებში პოსტებით აქტიურობისგან, რაზეც დამთანხმდა. ამ პერიოდში, მეგობარმა მირჩია, არ გამომეხატა აზრი საჯაროდ, რადგან ეს ქ-ნ ნანას არ მოსწონდა. არ დავუჯერე, უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნიე თუნდაც ერთით მეტ ადამიანს ეთქვა, რომ ის რაც ხდება, მიუღებელია. ამ პერიოდში ვიგრძენი, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამოკიდებულება ჩემს მიმართ გაცივდა. 25 დეკემბერს კი მივიღე წერილი, რომ იანვრიდან ხელშეკრულებას აღარ მიგრძელებენ. მიზეზი რომ ვიკითხე, ბიუჯეტში თანხების დეფიციტიო. გავოგნდი. შეგახსენებთ, ჩვენ სამომავლო გეგმებიც განხილული გვქონდა. გაგეფრთხილებინეთ მაინცთქო და გაგაფრთხილეს ისე, როგორც კანონში წერიაო. ალბათ კანონი არ ითვალისწინებს წინასწარ ცნობას, მაგრამ  ადამიანური ფაქტორი სადაა, ხვალიდან რომ უმუშევარს მტოვებ, მომამზადე მაინც. რა უბედურებაში ვცხოვრობთ?! ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი. პარტიის მიმართ ლოიალობას ასე რატომ უნდა გამოხატავდეს ვინმე, თან მის უკან ხომ ამჯერად უნივერსიტეტის სახელი დგას?!
      წარმატებას ვუსურვებ ამ უნივერსიტეტს. არაჩვეულებრივი სტუდენტები და თანამშრომლები ყავს. 
      ვინც არ იცით, გადაწყვეტილების მიმღები ნანა გოთუა, ამავე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის ვანო ჩხარტიშვილის მეუღლეა.
P.S. გთხოვთ, დამატებითი განმარტებებისთვის ნუ შემეხმიანებით. არავის გაღიზიანების სურვილი არ მაქვს. მეც მეშინია. მთავარი ვთქვი, რადგან ამ რეალობის ჩვენებაც მნიშვნელოვანი მგონია", - წერს ქეთი ფარცხალაძე.

მსგავსი სიახლეები