ორი ტომარა შაქარი ხელფასის ნაცვლად - „აგარის შაქრის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

27.12.24 12:37
ორი ტომარა შაქარი ხელფასის ნაცვლად - „აგარის შაქრის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

ორი ტომარა შაქარი ხელფასის ნაცვლად - „აგარის შაქრის“ მწარმოებელი ქარხანა თანამშრომლებს დაპირებულ მე-13 ხელფასს არ ურიცხავს. ადგილობრივები პროტესტის ნიშნად ქარხნის ორივე შესასვლელის გადაკეტვით იმუქრებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ შაქრის რეალიზაცია შეჩერდება. ხალხი, ვინც მიზერულ ხელფასზე, ხუთას ლარზე მუშაობს, "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ უახლოეს საათებში ხელფასი არ ჩაერიცხებათ, შენობაში დირექტორსაც აღარ შეუშვებენ. 

აღსანიშნავია, რომ წინა დღეებში "აგარის შაქრის" ხელმძღვანელმა დასაქმებულებს ჯერ ერთი ტომარა, შემდეგ კი ორი ტომარა შაქარი შესთავაზა. 

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან, რადგან მუშაობა სეზონურია და იანვრიდან მაისის ჩათვლით ისედაც სახლში ჯდომა უწევთ.

როცა მუშას უფასოში უშვებ თეების მანძილზე და სამუშაო არ აქვს, კანონმდებლობით აუცილებელია, დამატებით მისცე კიდევ ერთი თვის ხელფასი, რასაც ყოველ წელს აკეთებდნენ თითქმის და ახლა წელს, უარი თქვეს, უაზრო მიზეზების გამო, ამიტომ, ჩვენ ქარხნის მუშები არ დავუშვებთ ამას. ვერცერთი ტომარა შაქრის რეალიზებას ვერ მოახერხებენ, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

კიდე ერთი გაფიცული თანამშრომლის თქმით, აქვთ ეჭვი, რომ ქარხანა ზარალზე მუშაობს და ამის შესახებ განცხადება ადრე უნდა გაკეთებულიყო.  

აქ მარტო მე-13 ხელფასის მოთხოვანზე არაა ლაპარაკი. ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ ზარალზეა ქარხანა და რატომღაც გაჟღერდა წლის ბოლოს, 2-3 დღით ადრე. სუბსიდირება ვიცით, რომ აქვთ სახელმწიფოდან და ამას უნდა მიექცეს ყურადღება და მოგვაქციონ ყურადღება და დაგვეხმაროს ვინმე. ახლა გაიგეს, რომ ზარალზეა? 13 გრადუს ყინვაში რომ გვამუშავეს, ეთქვათ ცოტა ადრე, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კომპანიის არცერთი ხელმძღვანელი გაფიცულ თანამშრომმლებთან სასაუბროდ არ გასულა.  

მსგავსი სიახლეები