კალაძე სოფრომაძის გათავისუფლებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
"ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია" - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის, გიგა სოფრომაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სოფრომაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში აღარ იდგა.
ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, იყო ხელშეკრულებით და ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის უშუალოდ მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე. დღეს, ყველა ამ პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და გაგრძელების საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. ეს არის მარტივად. დანარჩენი, ვისაც რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლებაა“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიიდან ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე გაათავისუფლეს.
გიგა სოფრომაძეს, რომელიც დედაქალაქის მერიაში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, წერილობით აცნობეს, რომ მერიის თანამშრომელი აღარ არის.
ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი პოსტიდან მისი გადაყენების ფაქტს საკუთარ განცხადებებს უკავშირებს. მერიის თანამშრომელი, "ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა.