რატომ გაუშვეს თანამშრომლები პრობაციიდან - რას ამბობენ უწყებაში

27.12.24 12:40
რატომ გაუშვეს თანამშრომლები პრობაციიდან - რას ამბობენ უწყებაში

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო სოციალურ მუშაკთა გაერთიანების განცხადებას, რომ უწყებაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ და დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ, ეხმაურება. 

პრობაციის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ მოქალაქეები უწყებაში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 31 დეკემბერს ეწურებათ, რის შესახებაც მათ სააგენტომ წინასწარ აცნობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლებმა სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და საახალწლო სახელფასო დანამატი.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას, სააგენტოდან თანამშრომლების თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 

თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ.

ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა.

აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და საახალწლო სახელფასო დანამატი". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ და დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ. 

გაერთიანება აცხადებს, რომ პროცესი სრულიად გაუმართლებელია და ვარაუდობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა მათივე პოლიტიკური შეხედულებები იყოს. 

მსგავსი სიახლეები