ჩარკვიანი: კობახიძის განცხადებების არავის არ ეშინია - მგონი, "ოცნება" აქეთ შევაშინეთ

27.12.24 13:24
ჩარკვიანი: კობახიძის განცხადებების არავის არ ეშინია - მგონი, "ოცნება" აქეთ შევაშინეთ

რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი არალეგიტიმური პრემიერის მუქარას პრეზიდენტის ციხეში გაშვებასთან დაკავშირებით "არასერიოზულ" ნაბიჯად აფასებს და "პირველებთან" აცხადებს, რომ კობახიძის განცხადებების არავის ეშინია.

"ერთი მხრივ, ვხედავთ პანიკაში მყოფ ხელისუფლებას, მეორე მხრივ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ხალხისგან სიყვარულს იღებს" - ამბობს რეჟისორი და იქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეების შეშინება ვერ შეძლო - " მე მგონი, ჩვენ შევძელით მათი შეშინება".

კობახიძის განცხადებების არავის არ ეშინია. ვისაც ეშინია, ის ინაუგურაციას ჩაკეტილ პარლამენტში ატარებს თავის ვიწრო წრესთან ერთად. შიში ვის მხარესაც დგას, ჩვენ ამას ვხედავთ. არ ეშინია პოლიტიკურ ლიდერს, რომელმაც იცის, რომ მას ზურგს თავისი ხალხი, თანამოქალაქეები უმაგრებს და ეს ძალიან დიდი რამეა და ძალიან საშიში ხელისუფლებისთვის. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ შეშინებულ, პანიკაში მყოფ ხელისუფლებას, მეორე მხრივ, ვხედავთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციაში შედის გაბედულად და მათგან იღებს პატივისცემას, თანადგომას და სიყვარულს. ეს, რა თქმა უნდა, საშიშია ხელისუფლებისთვის. რამდენიც არ უნდა იმუქრონ და რაც არ უნდა განცხადებები აკეთონ, ამას სერიოზულად არავინ არ უყურებს. მათ ჩვენი შეშინება ვერ შეძლეს, მე მგონი, ჩვენ შევძელით მათი შეშინება და შედეგიც სახეზეა", - ამბობს მიხეილ ჩარკვიანი. 

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ციხეში გაშვებით კვლავ ემუქრება.

დღეს კობახიძის სამიზნე პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციის ის ლიდერებიც გახდნენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებენ. 

მსგავსი სიახლეები