სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემ ბილალ დუიშვილს სანქცირებული ზვიად ცეკვავა ასამართლებს

27.12.24 15:19
სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემ ბილალ დუიშვილს სანქცირებული ზვიად ცეკვავა ასამართლებს

სასამართლო ნაწამები ადამიანების საქმეების განხილვას ვერ აუდის - მოსამართლე ზვიად ცეკვავა ამჯერად სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემ ბილალ დუიშვილს ასამართლებს.

  • პანკისელ 21 წლის სტუდენტს, რომელიც 4 დეკემბერს, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დააკავეს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. 

ბილალ დუიშვილი "პირველებთან" მისთვის ხელბორკილების დადების პროცესს დეტალურად იხსენებს და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მასზე ორ ეტაპად იძალადეს. 

დაკავებული ახალგაზრდის ცნობით, 4 დეკემბერს გამთენიისას სახლისკენ მიდიოდა, რა დროსაც სამართალდამცველები თავს მოულოდნელად დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენეს. 

ანგარიშსწორების მეორე ეპიზოდი კი საპოლიციო მანქანაში ახალგაზრდის მოთავსების შემდეგ დაიწყო. მისივე თქმით, უმოწყალოდ ცემის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დაუმძიმდა, რომ პოლიციის განყოფილებაში შსს-ს წარმომადგენლებმა სასწრაფო გამოიძახეს.

მე ვიყავი ჩემ მეგობრებთან ერთად აქციაზე გასული. ამ დროს, უცბად, თავს დამესხნენ რობოკოპები. უმოწყალოდ დაიწყეს ცემა. არანაირი ახსნა/განმარტება/გაფრთხილება არ ყოფილა. მანქანაში ამიყვანეს, იქ კიდევ მცემეს და შემდეგ გადამიყვანეს პოლიციის შენობაში.

პოლიციამ პოლიციის შენობაში სასწრაფო დახმარება გამოიძახა და საავადმყოფოში გადამიყვანეს, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი. გზის გადაკეტვას და პოლიციის დაუმორჩილებლობას მედავებიან. მე არც გზას ვკეტავდი და არც ხელს ვუშლიდი. სახლისკენ მივდიოდი, რათა ადგილს განვრიდებოდი და ამ დროს თავს დამესხნენ. მცემეს, გამძარცვეს. ახლა სასამართლოში ვარ იმის გამო, რომ არაფერი დამიშავებია", - ამბობს ბილალ დუიშვილი.

მსგავსი სიახლეები