რეპრესიები საჯარო სექტორში -პოლიტიკური შეხედულებების გამო, ადამიანებს სამსახურებიდან უშვებენ
რეპრესიების უწყვეტი ტალღა საჯარო სამსახურებში - უკვე ყოველდღიურად სამსახურებიდან უშვებენ და ხელშეკრულებებს აღარ უგრძელებენ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ.
“პირველები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა და მათი ისტორია, თითქმის, იდენტურია. ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ რეჟიმმა პროევროპული პროცესების მხარადაჭერა არ აპატია.
არ არსებობდა წინასწარ განწყობა, რომელიც შეგვამზადებდა იმისთვის, რომ ხელშეკრულებები აღარ გაგრძელდებოდა, რადგან ჩვენ წინა დღეებში 30-მდე აქტიური საქმე დაგვეწერა, რომელზედაც მომავალში უნდა გვემუშავა.
პირველივე ეტაპზე გქვონდა მყისიერი რეაგირება, მოვითხოვდით ახსნას-განმარტებას, თუ რასტან იყო დაკავშირებული აღნიშნული გადაწყვეტილება. მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, ერთადერთი ბუნდოვანი პასუხი იყო ეკონომიკური კრიზისი და რესურსების დეფიციტი. რა თქმა უნდა, ჩნდება ბევრი კითხვა, რის საფუძველზე მოხდა ჩვენი შერჩევა,- ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული.
ქუთაისის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სოციალური მუშაკი ერთ-ერთი მათგანია, ვინც იანვრიდან სამსახურის გარეშე რჩება. ანა ენდელაძე ეჭვობს, რომ მას პოლიტიკური მოსაზრების გამო ათავისუფლებენ.
როდესაც ვიკითხე რა იყო მიზეზი, ვინაიდან ამისი წინაპირობა არ არსებობდა, ვერ განმიმარტეს, რა თქმა უნდა. ქუთაისის რეფერირების ცენტრში, ერთი სოციალური მუშაკი ვიყავი და საეჭვოდ დაემთხვა ეს ჩვენი გათავისუფლება და ეჭვს აჩენს, რომ გამოწვეულია იმ პოლიტიკური ფონით, რაც დღეს ქვეყანაში არის“, - ამბობს ენდელაძე.
პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებაზე საუბრობს მედიატორი გიორგი აბულაძეც. მისი თქმით, სამსახურიდან მხოლოდ ის მედიატორები გაუშვეს, რომლებმაც 30 ნოემბერს განცხადებას მოაწერეს ხელი.
გუშინწინ დამირეკეს და ეიჩიარმა მაცნობა, რომ ვიყავი სამსახურიდან გათავისუფლებული, არანაირი წერილობითი მომართვა და გაფრთხილება არ ყოფილა. ამას რა თქმა უნდა ვუკავშირებ 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებს, რადგან სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მხოლოდ ის მედიატორები, რომლებიც ამ განცხდების ხელმომწერები ვიყავით“, - ამბობს აბულაძე.
საჯარო უწყებები ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ამ ადამიანებს ამოეწურათ ხელშეკრულების ვადა და მათი უფლებაა, გააგრძელონ ეს ხელშეკრულება თუ არა.