“ოცნებას“ ჰგონია, რეპრესიებით შეგვაშინებს, იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით- ზვიად ცეცხლაძე

27.12.24 19:15
 “ოცნებას“ ჰგონია, რეპრესიებით შეგვაშინებს, იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით- ზვიად ცეცხლაძე

სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. "დაფიონის" დამფუძნებელი წერს, რომ “სასწაული ხდება ციხეში, საოცარი გვერდში დგომა და მხარდაჭერა.“

 "ჩვენ იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით, გავიმარჯვებთ სახელოვნად" - აღნიშნავს ზვიად ცეცხლაძე წერილში, რომელიც მან საზოგადოებას გამოუგზავნა.

სასწაული ხდება ციხეში, საოცარი გვერდში დგომა და მხარდაჭერა. დახურულ ციხეში ვართ, კამერიდან იშვიათად ვყოფთ ცხვირს, მაგრამ მაშინაც სხვა საკნებიდან გვესმის გამამხნევებელი შეძახილები. ვვარჯიშობთ, ნახევრად სამხედრო დღისწესრიგზე ვართ. ლიტერატურულ კუთხეებსაც ვქმნით. ვმსჯელობთ ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, სხვადასხვა სუბკულტურებზე, ისტორიაზე, ვცდილობთ აქტიურად ვადევნოთ თვალყური საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ღამით სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქი გისოსების ჩრდილს სცემს წიგნების ფურცლებს და იმ სიბნელეს შორის მოქცეულ მკრთალ შუქზე ვკითხულობთ ჩვენს ლიტერატურას. ჩვენ იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით. ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ რეპრესიებით შეგვაშინებს, სინამდვილეში კი ჩვენი დაჭერით ზრდის დისიდენტთა თაობას, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში. თქვენ გგონიათ, რომ სიბნელეში დაგვმარხეთ, სინამდვილეში კი მიწაში დაგვრგეთ და აწი ვიდგამთ ფესვს!"

12.12.2024 ზვიად ცეცხლაძე“, - წერია წერილში.

ცნობისთვის, "დაფიონის" ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს - უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო იყო. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო.  

ზვიად ცეცხლაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები