კობახიძის განცხადება, რომ დასანქცირებული პირების ზარალი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, ივანიშვილმა თავის თავზე მოირგო - აბესაძე
"კობახიძის განცხადება, რომ ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ის ფინანსური ზიანი, რომელიც შეიძლება მიიღონ დასანქცირებულმა პირებმა, ივანიშვილს ჰქონდა მორგებული თავის თავზე" - ამის შესახებ ფინანსისტმა ირაკლი აბესაძემ "პირველებთან" განაცხადა.
აბესაძე ვარაუდობს, რომ ოლიგარქი საზოგადოების ფულიდან აინაზღაურებს იმ მილიარდებს, რომელიც შესაძლოა სანქციებიდან მიიღოს.
ამასთან, ფინანსისტი აღნიშნავს, რომ შავ სიაში შეყვანის გამო ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მოგებულ მილიარდებს შტატების თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს.
პირდაპირ გავრცელდა სანქცირება ივანიშვილის დავაზე Credit Suisse-სთან, სადაც ის მილიარდობით თანხაზე დავობს. ფაქტობრივად, მოგებული ჰქონდა ეს პროცესები, მაგრამ ის ჯერჯერობით ვერ მიიღებს. მაღალი ალბათობით, თუ ივანიშვილი გონს არ მოეგება უმოკლეს ვადაში ჩვენ ვნახავთ ივანიშვილის დასანქცირებულ კომპანიებს, ოჯახის წევრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბიზნესს რეპუტაციაზე ორიენტირებული, მოგებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის უბრალოდ არაპრაგმატულიც კია ივანიშვილთან ურთიერთობა.
კობახიძის განცხადება, რომ ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ის ფინანსური ზიანი, რომელიც შეიძლება მიიღონ დასანქცირებულმა პირებმა, სინამდვილეში ივანიშვილს მორგებული ჰქონდა თავის თავზე. ეროვნული ბანკი, თუ კი ამის აუცილებლობა იარსებებს, დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ივანიშვილს არაფერში შეუშლის ხელს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ივანიშვილმა ჩვენი საზოგადოების ფულიდანაც კი აინაზღაუროს ის მილიარდიანი ზარალი, რომელიც შესაძლებელია მიიღოს ამ სანქციებიდან'', - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.