სასამართლოში დაპირისპირებაა - მანდატურები მოქალაქეებს ფოიედან აძევებენ

11.01.25 18:17
სასამართლოში დაპირისპირებაა - მანდატურები მოქალაქეებს ფოიედან აძევებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია - მობილიზებულ მანდატურებსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას აქვს. 

როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაცვის სამსახურის თანამშრომლები ფოიედან სინდისის პატიმრების მხარდამჭერებს აძევებენ.

ერთ-ერთი მოქალაქე მანდატურს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაცვის თანამშრომელმა ხელი ზურგში ჩაარტყა. 

მანდატურის თანამშრომელმა ზურგში ჩამარტყა ხელი. ამავდროულად, ზვიად ცეცხლაძის დედა, როდესაც იდგა გვერდით, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ქალბატონზე არ ყოფილიყო არანაირი ფიზიკური ზეწოლა. მანდატურები მოგვაწვნენ, დაიწყეს იდაყვების და ხელების რტყმა. ისინი იმ პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს, ეძახიან სასამართლოს, მაგრამ ეს არის ცირკი, კონსტიტუციის თავზე დახევა. ღეს თუ კონსტიტუციას გვახევთ თავზე არ დაგავიწყდეთ ეს ტალღა შემოგიბრუნდებათ. ყველგან პოლიცია არსად სამართალი", - ამბობს მოქალაქე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი განახლდა.

მანამდე კი სასამართლოში სახაზინო ადვოკატები გამოიძახეს, რომლებიც სასამართლოს დერეფნებში ისხდნენ და დაკავებულების საქმეებს სწავლობდნენ. 

პროცესში სახაზინო ადვოკატების ჩართვა პროტესტის ნიშნად დაკავებულებისა და მათი ადვოკატების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 4 დაკავებული - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვოკატის გარეშე მათ საქმეზე მსჯელობა ფიზიკურად ვერ დაიწყებოდა.

მსგავსი სიახლეები