მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ღიმილის ბიჭები პატიმრობაში დატოვა

11.01.25 18:46
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ღიმილის ბიჭები პატიმრობაში დატოვა

ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი და კიდევ 5 დაკავებული თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

აღნიშნულ განაჩენს სასამართლოს ეზოში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.

"მონებო" - სკანდირებენ სინდისის პატიმრების მხარდამჭერები. 

  • მანამდე კი სასამართლოში სახაზინო ადვოკატები გამოიძახეს, რომლებიც სასამართლოს დერეფნებში ისხდნენ და დაკავებულების საქმეებს სწავლობდნენ. პროცესში სახაზინო ადვოკატების ჩართვა პროტესტის ნიშნად დაკავებულებისა და მათი ადვოკატების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 4 დაკავებული - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვოკატის გარეშე მათ საქმეზე მსჯელობა ფიზიკურად ვერ დაიწყებოდა.
  • სხდომის განახლების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო - მობილიზებულ მანდატურებსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა. დაცვის სამსახურის თანამშრომლები ფოიედან სინდისის პატიმრების მხარდამჭერებს აძევებდნენ.

შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.