ხელოვანებმა რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენეს - ვადა 20 იანვარს იწურება
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი ივანიშვილის რეჟიმს ულტიმატუმს უყენებს - ხელოვანები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პოლიტპატიმრები 20 იანვრამდე გაათავისუფლონ.
საგანგებო განცხადება რეჟისორმა დავით დოიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და "ქართულ ოცნებას" დაუანონსა, რომ თუ 20 იანვრამდე უკანონოდ დაკავებულებს საპყრობილედან არ გამოუშვებენ, თეატრი მოქმედებაზე გადავა.
"ვაჩვენებთ, რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასდროს ნახავთ მორჩილ თეატრს" - თქვა დავით დოიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის სახელით.
ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ მაყურებლისთვის, რომელიც 45 დღეა შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ხდება ქვეყანაში. ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი სპექტაკლები ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში და სხვა პოლიტპატიმრებისთვისაც ასევე. ჩვენ არ დაგვიტოვეს სხვა გზა. ჯერ პოლიტიკოსებმა წაგვართვეს პროფესია იაფფასიანი შოუებით და შემდეგ სასამართლომ უხეირო, უნიჭო პროცესებით, რომლის მომსწრეც ვიყავით გუშინ და დღესაც მოხდა უბედურება.
მოლოდინები, რომ სახელმწიფო გაუფრთხილდებოდა თავის ნიჭიერ ახალგაზრდებს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ გარდა ჩვენი თეატრისა, სახელოვნებო სფერომ, მისმა 2 000-მდე წარმომადგენელმა ანდრო ჭიჭინაძის თავდებობა დაადასტურა, სახელმწიფომ სასამართლოს პირით გამოგვიცხადა, რომ დღეს ასეთი სფერო ქვეყანაში არ არსებობს, ჩვენ არ ვარსებობთ მათთვის.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი დასი და მე, დავით დოიაშვილი მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არა უგვიანეს ამ წლის 20 იანვრამდე. ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავალთ და ვაჩვენებთ, რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასდროს ნახავთ მორჩილ თეატრს", - ამბობს დავით დოიაშვილი.