"ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა" - კვირიკაშვილი

15.01.25 14:54
"ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა" - კვირიკაშვილი

კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ზრდის - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, 

მისი თქმით, რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა.

„ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევ და ისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. 

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც. 

ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

 

მსგავსი სიახლეები