ძალადობა ორსულ ქალზე - მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ნუცა ერემიანის ნაამბობი არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, რაც მძიმე დანაშაულია
სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას მეუღლე პოლიციას ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე არ ამბობენ, დაიწყებენ თუ არა მოკვლევას უფლებამოსილების გადამეტებაში მხილებული პოლიციელების წინააღმდეგ.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ნუცა ერემიანის ნაამბობი არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, რაც მძიმე დანაშაულია.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, გამოძიება ერთის მხრივ უნდა დაიწყოს როგორც კოკა კაციტაძის უწყებამ, ასევე გენერალურმა ინსპექციამ.
დაკავებას აქვს თავისი სტანდარტები და ნებისმიერი იძულებითი ზომა, რომელიც ამ დროს შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც დაკავებული, ასევე იქ მყოფი პირების მიმართ, ეს უნდა იყოს პროპორციული და უნდა ემსახურებოდეს კანონიერი დაკავების მიზანს. შესაბამისად, ის ქმედებები, რაც აღგვიწერა მეუღლემ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის არასათანადო მოპყრობა, დაკავების პროცესში, რაც სამართლებრივ რეაგრებას საჭიროებს. მინიმუმ ამაზე გენინსპექციამ უნდა იმსჯელოს, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
პოლიციაში დაუსჯელობის სინდრომი ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმის, რომ არაერთი ადამიანი საუბრობს პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებაზე, წამებაზე, დამამცირებელ მოპყრობაზე, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ფორმალურად იწყება ხოლმე გამოძიება. ამ ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიღმა დატოვება, იმის ნიშანია, რომ ეს ადამაინები აგრძელებენ მოქალაქეების მიმართ ფიზიკურ ძალადობას. ეს საქმე უნდა იქნას შესწავლილი კომპექსურად, - ამბობს უფლებადამცველი, გოგა ხატიაშვილი.
შოკისმომგვრელი ინტერვიუ სინდისის პატიმრის ცოლთან - ანრი კვარაცხელიას მეუღლე პოლიციას ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
ნუცა ერემიანი "პირველებთან" იხსენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტის დაკავებისთვის სამართალდამცველები ძალის გამოყენებით მის სახლში შეიჭრნენ. მეტიც, კვარაცხელიასთვის ხელბორკილების დადების სპეცოპერაციის დროს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ყელში წვდა და საწოლზე გადააგდო.
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ იმ დროისთვის ორსულად იყო, თუმცა ფსიქოლოგიური სტრესი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ქალმა ორი კვირის თავზე მუცელი მოეშალა - "ექიმმა მითხრა, რომ სამი კვირის თავზე ნაყოფი დავკარგე".