ძალადობა ორსულ ქალზე - მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ ეს არის ძალადობრივი რეჟიმის წამების ციკლის გაგრძელება
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ძალადობრივ რეჟიმზეა სისტემა აწყობილი და იმის ნაცვლად, რომ ვიხილოთ დასჯილი მოძალადეები, პირიქით, მათ აჯილდოვებენ.
ამის მაგალითად მესამე სექტორის წარმოამდგენლებს ვახტანგ გომელაური მოჰყავთ, რომელიც არის მთავარი პასუხისმგებელი პირი, სამართალდამცველების ქმედებებზე და სწორედ მისგან იღებენ დავალებებს, როგორ უნდა იმოქმედონ.
ისინი მიიჩნევენ, რომ ძალადობას ხელისუფლება და სახელისუფლებო გუნდი ახალისებენ და მიხეილ ყაველაშვილმა გომელაურს გენერალ-პოლკოვნისი სტატუსიც კი მიანიჭა.
ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად ასეთი ქმედებების გამო, ორსულობაც კი შეუწყდა კონკრეტულ ადამიანს. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები იქნებოდა საგანგაშო, ისეთ ქვეყანაში, რომელშიც რაიმე სახის დემოკრატია მაინც არსებობს, დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ასეთ ძალადობაში არიან სამართალდამცავი ორგანოები და პირიქით, რაც უფრო მეტ ძალადობაში იქნებიან ჩართულნი, მათ უფრო აფასებს ივანიშვილი, - ამბობს ეკა გიგაური.
ეს არის ძალადობრივი რეჟიმის წამების ციკლის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვადევნებთ თვალს. ეს რეჟიმი არ ინდობს არავის, ორსულ ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს და ამ შემთხვევაში, ერთადერთი მოლოდინი გავქვს, რომ ამ რეჟიმს პასუხი გაეცემა იმ დარღვევებზე, რაც მათი მხრიდან ხდება, ამისთვის მნიშვნელოვანი ისნტიტუტია სახალხო დამცველის აპარატი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ხმა ამ დრომდე არ გაგვიგია“, - განაცხადა ეკა სხილაძემ.
შოკისმომგვრელი ინტერვიუ სინდისის პატიმრის ცოლთან - ანრი კვარაცხელიას მეუღლე პოლიციას ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
ნუცა ერემიანი "პირველებთან" იხსენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტის დაკავებისთვის სამართალდამცველები ძალის გამოყენებით მის სახლში შეიჭრნენ. მეტიც, კვარაცხელიასთვის ხელბორკილების დადების სპეცოპერაციის დროს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ყელში წვდა და საწოლზე გადააგდო.
ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ იმ დროისთვის ორსულად იყო, თუმცა ფსიქოლოგიური სტრესი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ქალმა ორი კვირის თავზე მუცელი მოეშალა - "ექიმმა მითხრა, რომ სამი კვირის თავზე ნაყოფი დავკარგე".