“ეს ტრიუკიც არ გამოვა“ - ექსპერტები აცხადებენ, რომ შავ სიაში მოხვედრას ვერც უტა ივანიშვილი გადაურჩება

19.01.25 14:44
“ეს ტრიუკიც არ გამოვა“ - ექსპერტები აცხადებენ, რომ შავ სიაში მოხვედრას ვერც უტა ივანიშვილი გადაურჩება

ივანიშვილმა საფრთხის წინაშე საკუთარი შვილებიც დააყენა-ექსპერტები, რომლებიც საერთაშორისო სანქციების პრაქტიკას კარგად იცნობენ, “პირველებთან“ ინტერვიუში აცხადებენ, რომ  შავ სიაში მოხვედრას ვერ გადაურჩება ვერც უტა ივანიშვილი, რადგან “შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიებით უკვე დოკუმენტურად დასტურდება, რომ ამერიკული სანქციების დაწესებიდან ოთხ დღეში ოლიგარქმა ქონების გადამალვა მისი უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის სახელზე დაიწყო და 31 დეკემებრს, სასწრაფო წესით, სამ საათში „ატუ ჰოლდინგი“ დააფუძნა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მენეჯერი, ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ “თუ დასანქცირდებიან ოჯახის წევრებიც, მათზე ქონების გადაფორმება ივანიშვილს ვერ უშველის“.

ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ცდილობს, გვერდი აუაროს სანქციებს, გამონახოს სხვა გზები, სადაც გადამალავს ქონებას, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. იაპონია იქნება თუ სხვა დემოკრატიული სამყაროს რომელიმე სხვა ქვეყანა, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, ასევე აზიაში, ამერიკულ სანქციებს წინა რ დაუდგებიან და ივანიშვილის გულისთვის თავიანთ თავს მეორადი საქნციების საფრთხის წინაშე არ დააყენებენ. აქედან გამომდინარე, ეს ტრიუკიც არ გამოვა. 

თუ დასანქცირდებიან ოჯახის წევრებიც, მათზე ქონების გადაფორმება ივანიშვილს ვერ უშველის“, - ამბობს ბარამიძე.

ოლიგარქის განსაცდელი - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს, ამერიკული სანქციებიდან 4 დღეში, უტა ივანიშვილის სახელით, საჯარო რეესტრში, ახალი სააქციო საზოგადოების - "ატუ ჰოლდინგის" რეგისტრაციის განაცხადი შევიდა. დოკუმენტები 14:53 საათზე წარადგინეს.

19 დღის წინ დაფუძნებული სააქციო საზოგადოების ბალანსზე უკვე 100 მილიონი ლარია, ეს მხოლოდ საწესედებო კაპიტალია. ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ, კიდევ რა ქონება ან რამდენი მილიონი შეიტანეს 31 დეკემბერს უტა ივანიშვილის სახელზე დაფუძნებული "ატუ ჰოლდინგის" ანგარიშებზე. ან გადააფორმეს თუ არა ახალ "ატუ ჰოლდინგზე", მაგალითად ოლიგარქის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, საფრენი აპარატები, იახტები ან ფუფუნების სხვა საგნები.