რა თქმა უნდა, ევროსასამართლოში წავა ეს საქმე - ეთერ თურაძე სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

21.01.25 18:59
რა თქმა უნდა, ევროსასამართლოში წავა ეს საქმე - ეთერ თურაძე სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

"ბათუმელების" რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე აუცილებლად წავა ევროსასამართლოში.

როგორც თურაძემ “ტვ პირველის“ გადაცემა “დღის ამბებში განაცხადა, ისინი ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რადგან თავად მზიას სურვილია ასეთი.

ეს სამართლებრივი ბრძოლა არის მრავალშრიანი, რა თქმა უნდა, ევროსასამართლოში წავა ეს საქმე. აღკვეთი ღონისძიების უკანონობასთან დაკავშირებით, რადგან დაირღვა მზიას უფლებები. გარდა ამისა, მრავალმხრივ დაირღვა მისი უფლებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი მიმართ არსათანადო მოპყრობა ხორციელდებოდა, პოლიციელ დგებუაძის მიერ. 

ჩვენ ყველა სამრთლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც არსებობს, მზიას სურვილია ასეთი. მან გვითხრა, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა. ჩვენი მეტი გზა არ გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ სამართლებრივად. სინდისის ქალი პატიმარი გვყავს ქვეყანაში, არ ვიცი ამ ქვეყნის პერსპექტივა ამის შემდეგ როგორი იქნება“, - განაცხადა თურაძემ.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

გუშინ „საიას" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლიდა, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. როგორც მედიამენეჯერი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის შემდეგ, ის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

 

 

მსგავსი სიახლეები