იოსელიანი, რომელმაც მთელი თრეფიკინგის რეფორმა საფრთხის წინაშე დააყენა, უნდა გადადგეს - ნინო ლაპიაშვილი
პროფესორი ნინო ლაპიაშვილი მიიჩნევს, რომ ლევან იოსელიანი, რომელმაც საზმაუს ეთერში თრეფიკინგის მსხვერპლთა ადგილსამყოფელი გათქვა, უნდა გადადგეს. ლაპიაშვილი, რომელიც წლების წინ შსს-ში მუშაობდა, ამბობს, რომ მსგავის ინფორმაციის გასაჯაროება დანაშაულია და ამიტომ საქმეზე გამოძიების დაწყებაა საჭირო. მისი თქმით, ასევე საჭიროა, მსხვერპლები უსაფრთხო ადგილას იყვნენ გადაყვანილები, რადგან ამგვარ დანაშაულში ჩართული კრიმინალები მათ მოსაძებნად ყველანაირ ინფორმაციას იყენებენ.
ტრანსნაციონალურ, ორგანიზებულ დანაშაულში ჩაბმული კრიმინალები, როგორც წესი, არიან ძალიან ვერაგები და ჭკვიანები. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ასეთ სენსიტიურ საკითხზე გაიცემა, მათთვის უკვე არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ დაიწყონ მოკვლევა და მოძიება მსხვერპლებისა და მოწმეების. იოსელიანი უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ მთლიანი ტრეფიკინგის რეფორმა დააყენა საფრთხის წინაშე. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რასთან გვქონდა საქმე. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა ადგილზე მოხდეს სასწრაფოდ ტრეფიკინგის მსხვერპლთა გადაყვანა.
2006-2007 წელს, როცა ვატარებდით ამ რეფორმას, შსს მხრიდან, კონკრეტულად ჩემი მხრიდან მინისტრის პროექტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა ჰქონოდა მხოლოდ შს მინისტრს და მთავარ პროკურორს. ძალიან სენსიტიური ინფორმაციაა და ეს არის ტრეფიკინგის რეფორმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, - ამბობს ნინო ლაპიაშვილი.
ლევან იოსელიანი დიდ სკანდალში გაეხვა. ხალხი ომბუდსმენის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის ადგილმდებარეობა გათქვა, რითაც, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების და ქალების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.