ხმაური სასამართლოში - სხვიტარიძის ოჯახის წევრებმა მოსამართლე ხუჯაძეს "მონა" და "მათხოვარი" ეძახეს
საბა სხვიტარიძის პატიმრობაში დატოვებას სხდომათა დარბაზში მყოფების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ასევე უკმაყოფილება გამოიწვია მოსამართლე ხუჯაძის "შეფასებამ", რომელმაც ძალადობის კადრებზე თქვა: "შეფასებას - ვინ ვის ურტყამს, ჩვენ არ ვაკეთებთ".
ამის შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოსამართლე ნატო ხუჯაძეს "მონა" და "მათხოვარი" ეძახეს.
პროტესტი იყო სასამართლო დარბაზს გარეთაც.
ადვოკატის თქმით, სასამართლო ძალით არ უყურებდა წარდგენილ მტკიცებულებებს და ძალით არ უნდოდა დაენახა ის ძალადობა, რასაც კადრებში პოლიციელები ახორციელებდნენ.
ჩვენი პოზიცია არის, რომ იქ მყოფი მოქალაქეები იყვნენ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ე.წ. ტიტუშკისგან და არა პოლიციელისგან. წარვუდგინეთ ეს მტკიცებულებები, სასამართლომ არც შეხედა ეკრანს. მე ვეუბნებოდი, შეხედეთ ეკრანს-თქო, სასამართლო ძალით არ უყურებდა ეკრანს", - ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახიშვილი.
ცნობისთვის, რეჟიმი კოალიცია "ცვლილებისთის" წევრს, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. ასევე საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი მის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს სთავაზობდა, რომლის ოდენობის განსაზღვრაც სასამართლოს მიანდეს.
სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ, სასტიკად სცემეს და წამებასთან გათანაბრებულ პირებებში ამყოფეს - ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა საქმეზე არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ.