ნატო ხაინდრავას ნათქვამი მუქარად აღვიქვი - გიორგი ბაჩიაშვილის დედა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედის, მარინა რამაზაშვილის განცხადებით, მან „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნატო ხაინდრავას ფრაზა - „თქვენ უნდა გეშინოდეთ", მუქარად აღიქვა.
მარინა რამაზაშვილის თქმით, პროცესი იმიტომ დახურეს, რომ ივანიშვილს ეშინია, საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს.
კითხვაზე, როდესაც მითხრა ნატომ, თქვენ უნდა გეშინოდეთო, გიპასუხებთ, რომ ნატო ხაინდრავასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. თვითონაც და მისი შვილიც ჩემი პაციენტები იყვნენ წლების განმავლობაში, მე ოფთალმოლოგი ვარ. "თქვენ უნდა გეშინოდეთო", რომ თქვა, გავიგე ისე, თუ განვაზოგადებდი ვიტყოდი, რომ ყველა, ვინც "ქართუ ბანკში" ზოგადად სესხი აიღო და დროულად დააბრუნა, უნდა ეშინოდეთ, რომ თუ ისინი გახდებიან არასასურველები, მათზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, რატომ დააბრუნა დროულად სესხი.
რა თქმა უნდა, მუქარად აღვიქვი. ნატოს პროცესი იმიტომ დახურეს და გამოგვიყვანეს, ეშინოდათ, რომ საზოგადოება გაიგებდა იმ სიმართლეს, რომელიც რეალურად იყო. ახლა სიმართლე დაფარულია, დღეს სიმართლეს სძინავს, სიმართლე არ არსებობს", - განაცხადა ბაჩიაშვილის დედამ.
სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლისას მას ბაჩიაშვილის დედამ, მიმართა კითხვით - „რისი გეშინიათ?“
„არაფრის არ მეშინია, თქვენ უნდა გეშინოდეთ. მე რისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ მოწმე",- უპასუხა ნატო ხაინდრავამ.