მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინები? - ნატო ხაინდრავა კითხვას ვერ პასუხობს

29.01.25 13:03
მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინები? - ნატო ხაინდრავა კითხვას ვერ პასუხობს

 

ბიძინა ივანიშვილის ქონების მმართველის თითქმის 3 საათიანი გამოკითხვა დასრულებულია. დახურული სასამართლო პროცესი ნატო ხაინდრავამ ისე დატოვა, რომ ოლიგარქის ვერსია ვერც მან დაადასტურა.

ივანიშვილის ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვერ უპასუხა კითხვას - მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინები, რის გამოც მას ოლიგარქი უჩივის. 

ახლა სასამართლოს ჩვენებას ხაინდრავას მოადგილე აძლევს. დავით გალუაშვილი პროკურატურის მოწმეთა სიაშია და მის გამოკითხვაც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ივანიშვილის "ქართუ ბანკის" მმართველთან "პირველებმა" ინტერვიუ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ჩაწერა. ნატო ხაინდრავამ ვერც მაშინ უპასუხა კითხვას, მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინები.

ბიძინა ივანიშვილის ქონების მმართველი ნატო ხაინდრავა სასამართლოში დღეს გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს,  სხდომა კი საგანგებოდ მისთვის დახურეს. სხდომის დახურვა პორკურორმა მოითხოვა, მოსამართლემ კი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

მსგავსი სიახლეები