ივანიშვილის შავი სალაროს გამგემ პროკურორს სასამართლო დარბაზში მითითებები მისცა - ბაჩიაშვილი

29.01.25 15:18
ივანიშვილის შავი სალაროს გამგემ პროკურორს სასამართლო დარბაზში მითითებები მისცა - ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ვერც "მისივე შავი სალაროს გამგემ" უშველა, რადგან თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ნატო ხაინდრავას დღევანდელი 3 საათიანი გამოკითხვით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ "ქართუ ბანკი" არის კანტორა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მითითებით მოქმედებს". 

ბაჩიაშვილი, რომელსაც ოლიგარქი კრიპტოვალუტის მოპარვაში ადანაშუალებს, ამბობს, რომ "ქართუ ბანკის" მმართველს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ მორიდებია და პროკურორს მითითებები პირდაპირ მისცა. 

"ეს არის დაუშვებელი ბანანის რესპუბლიკისთვისაც კი! აქ ივანიშვილი არის მოსამართლეც, პროკურორიც, მოწმეც და ამ სპექტაკლს უნდა, რომ სამართალი დაარქვას" - ამბობს ბაჩიაშვილი.

დღეს დაიკითხა ბიძინა ივანიშვილის შავი სალაროს გამგე და მისი მოადგილე. ეს სხდომა იყო დახურული ზუსტად იმიტომ, რომ ეს 2 პიროვნება 3 საათის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ "ქართუ ბანკი" არ არის ბანკი და არის კანტორა, სალარო, რომელიც მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მითითებით. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ რა წერია დოკუმენტებში და უნდა მივაქციოთ, ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ყველაზე მთავარი მნიშვნელობა, რომ ეს სესხი ვითომ იყო მისი ინვესტიცია. არანაირი დოკუმენტური საფუძველი ამას და მტკიცებულება არ აქვს და არ არსებობს. 

ნატო ხაინდრავამ განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ეს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია. არ არსებობს არცერთი პირდაპირი მოწმე, არც მტკიცებულება, რომელიც რაიმე სახით ადასტურებს, რომ ვითომ ივანიშვილის მიერ იყო გაკეთებული ეს ინვესტიცია. მან თვითონ თქვა, რომ განაგებს ქეში ფულით მილიონ ლარზე მეტ ტრანზაქციებს ისე, რომ საერთოდ არც ივანიშვილს აძლევს უკუკავშირს და არც ვალდებული არ არის ვინმესთან, რომ რამე გაასაჯაროოს ამ თანხებზე. 

დღეს მოხდა ძალიან საინტერესო რამ, როდესაც ივანიშვილის მიერ მოვლენილმა მისმა წარმომადგენელმა, პირდაპირ, არ მოერიდა არავის და სასამართლო დარბაზში მივიდა პროკურორთან და დაუწყო მითითებების მიცემა. ეს არის დაუშვებელი ბანანის რესპუბლიკისთვისაც კი. შირმასაც კი აღარ აკმაყოფილებენ. პირდაპირ არის იქ ივანიშვილი მოსამართლე, პროკურორი,  მოწმეები, ივანიშვილის სახით მისი წარმომადგენელი და ამ სპექტაკლს უნდა, რომ დაარქვას სამართალი", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. 

საქმის პროკურორი, მიხეილ სადრაძე ირწმუნება, რომ ყველა გარემოება, რასაც გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილი ედავება, ნატო ხაინდრავას ჩვენებამ ცალსახად დაადასტურა.

რაც შეეხება ოლიგარქის ადვოკატს, ის ამტკიცებს, რომ ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ბაჩიაშვილის უფლებადამცველის, ლევან მახარაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნატო ხაინდრავამ თავადაც აღიარა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა კომპანიის მეშვეობით სესხი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გადაიხადა.

დღეს თავადაც აღიარა ქალბატონმა ნატომ, რომ სესხის გადახდა მოხდა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ბატონ გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიის მეშვეობით. გვქონდა კონკრეტული დოკუმენტები და ვახდენდი ციტირებას და ვითხოვდით, რის ახსნიდან ხაიდნრავა განსხვავებას მის ჩვენებასა და საქმის უშუაშლო პირდაპირ მტკიცებულებებს შორის და არცერთ მათგანზე პასუხი არ მიმიღია", - ამბობს ლევან მახარაშვილი. 

საბოლოოდ, დახურული სასამართლო პროცესი ნატო ხაინდრავამ ისე დატოვა, რომ ოლიგარქის ვერსია ვერც მან დაადასტურა.

ივანიშვილის ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვერ უპასუხა კითხვას - მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინები, რის გამოც მას ოლიგარქი უჩივის. 

ივანიშვილის "ქართუ ბანკის" მმართველთან "პირველებმა" ინტერვიუ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ჩაწერა. ნატო ხაინდრავამ ვერც მაშინ უპასუხა კითხვას, მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ბიტკოინები.

ბიძინა ივანიშვილის ქონების მმართველი ნატო ხაინდრავა სასამართლოში დღეს გაძლიერებული დაცვით მიიყვანეს.

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

მსგავსი სიახლეები