ტრაგედია რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

29.01.25 18:18
ტრაგედია რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე -  სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი გარდაცვლილი ბიჭის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 

სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას." - წერია განცხადებაში.

  • რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა - შემთხვევა შაბათს მოხდა. 
  • შსს-მ რიყის პარკის ტერიტორიაზე მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
  • მას შემდეგ რაც ტრაგიკული სიკვდილის შესახებ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, დედაქალაქის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა - კახა კალაძის უწყება წერს, რომ  შემთხვევა არა პარკის, არამედ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. რიყის დოქები 2022 წელს 10 020 000 ლარად ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ოჯახმა შეიძინა. 

ოპოზიცია მომხდარის კომენტირებისას ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური ინსპექციაა. მათივე თქმით, სწორედ აღნიშნულ სამსახურს უნდა უზრუნველყო ე.წ. დამცავი ჯებირები, რათა უცხო პირებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში თავისუფლად ვერ შეეღწიათ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას მუნიციპალური ინსპექცია აღმოაჩენდა, შემდეგ საქმეში შრომითი ინსპექცია უნდა ჩართულიყო, რომელიც თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. 

მსგავსი სიახლეები