"მკვლელი კალაძე უნდა გადადგეს" - აქცია თბილისის მერიასთან

29.01.25 18:31
"მკვლელი კალაძე უნდა გადადგეს" - აქცია თბილისის მერიასთან

რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისის მერიასთან მოქალაქეები იკრიბებიან - ადგილზე მისულმა ადამიანებმა სიმბოლურად 16 სანთელი მიიტანეს და ამ ჟესტით დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ კახა კალაძის უწყებამ ვერ დაიცვა უსაფრთხოების ზომები და თავიდან უბედური შემთხვევა ვერ აირიდა. 

"სიკვდილით სავსე ქალაქი", "ლუციფერ კალაძე, დემენტორ ბიძინა" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ ადამიანებს ადგილზე მიტანილი და თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ. 

ვუსამძიმრებ ოჯახს. ყველა სიტყვა და ემოცია ზედმეტია. ახალგაზრდა მოზარდი დაიღუპა და ეს არის ტრაგედია. რაც შეეხება მერიის პასუხისმგებლობას. განცხადება სრულიად სამარცხვინო და არაადეკვატურია. მერე რა, რომ კერძო კომპანია. კარგად გავიხსენოთ, რომელიც კერძო კომპანიის არის, ხიდაშელის. ხიდაშელი მათთან დაახლოებული, მათი წრის და სექტის წარმომადგენელია. ესეც რომ არ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, კერძო კომპანიის სამონიტორინგო ფუნქცია ეკისრება მერიას. მათი განცხადება არ არის ვალიდური. ახლა ყველა სიტყვა ზედმეტია. მკვლელი რეჟიმის უმნიშვნელოვანესი რგოლი მკვლელი კალაძე უნდა გადადგეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

  • რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა - შემთხვევა შაბათს მოხდა. 
  • შსს-მ რიყის პარკის ტერიტორიაზე მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
  • მას შემდეგ რაც ტრაგიკული სიკვდილის შესახებ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, დედაქალაქის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა - კახა კალაძის უწყება წერს, რომ  შემთხვევა არა პარკის, არამედ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. რიყის დოქები 2022 წელს, 10 020 000 ლარად, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ოჯახმა შეიძინა. 

ოპოზიცია მომხდარის კომენტირებისას ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური ინსპექციაა. მათივე თქმით, სწორედ აღნიშნულ სამსახურს უნდა უზრუნველყო ე.წ. დამცავი ჯებირები, რათა უცხო პირებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში თავისუფლად ვერ შეეღწიათ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას მუნიციპალური ინსპექცია აღმოაჩენდა, შემდეგ საქმეში შრომითი ინსპექცია უნდა ჩართულიყო, რომელიც თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. 

მსგავსი სიახლეები