ივანიშვილს ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის, სხდომა იქ იხურება, სადაც ივანიშვილის პირადი ინტერესია - ბაჩიაშვილი

05.02.25 10:22
ივანიშვილს ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის, სხდომა იქ იხურება, სადაც ივანიშვილის პირადი ინტერესია - ბაჩიაშვილი

ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის კითხვებზე პასუხის გაცემის ეშინია და სწორედ ამ მიზეზს მიიჩნევს სასამართლო სხდომის დახურვის წინაპირობად.

„დღევანდელ პროცესზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეკრავს სანქცირებულ სამეულს - პროკურატურას, სასამართლოს და თვითონ ივანიშვილს, რომელიც რეალურად ამ პროცესის სახეა და თვითონ არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც. რა თქმა უნდა, ამ სასამართლო პროცესს დახურავენ იმიტომ, რომ ივანიშვილს ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის. ის ყოველთვის გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელევიზორში და მარიონეტების ხელით ახორციელებს ტერორს და დიქტატურისკენ გზაზე სვლას, რაც საქართველოში ხდება. მე ვიქნები სხდომის დახურვის წინააღმდეგი, ხალხმა უნდა იცოდეს - ვინ არის ადამიანი, რომელიც სათავეში ქვეყანას უდგას.

ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო, რადგან ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის ადამიანი, ვინც უდგას სათავეში ქვეყანას.

„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების საქმე რომ მიმდინარეობდა სასამართლოში, იქ უფრო ბევრი შიდა საბანკო საქმე განიხილებოდა და ისიც კი საჯარო იყო. ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია. ეს მისი ხელწერაა, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი აარიდოს“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომის დაწყებამდე. 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას დახურულ სხდომაზე დისტანციურად, წინასწარ დამონტაჟებული მონიტორიდან აძლევს.

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

მსგავსი სიახლეები